ადვოკატის ინფორმაციით, უჩა აბაშიძე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს
ადვოკატის ინფორმაციით, უჩა აბაშიძე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს

ბლოგერი უჩა აბაშიძე, რომლის სახლშიც სამართალდამცველები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ, სამართალდამცველებმა პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

ადვოკატის ინფორმაციით, აბაშიძე დაკავებულია.

„უჩა აბაშიძე ოფიციალურად დაკავებულია. ამ ეტაპზე ეუბნებიან იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას. რამდენადაც ჩვენ განგვიცხადა, მას ყველანაირი იარაღი აქვს კანონიერად რეგისტრირებული. მან ასევე განგვიცხადა, რომ მისი სახლიდან რაღაც ნივთები გაიტანეს, სხვა ოთახიდან, სადაც ის არ იმყოფებოდა, რაც მას თვალით არ უნახავს. ჩვენ, ადვოკატებს, არ გვქონია შესაძლებლობა, ამ პროცესში სრულყოფილად ჩავრთულიყავით“, – განაცხადა ადვოკატმა ანა გახოკიძემ.

მისივე თქმით, აბაშიძე ორთაჭალაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.

ადგილზე უჩა აბაშიძის მხარდასაჭერად მოქალაქეები იყვნენ შეკრებილი, რომლებიც ამ დროისთვის მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან.