ადვოკატის ინფორმაციით, სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენების საქმე
ადვოკატის ინფორმაციით, სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენების საქმე

სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენების საქმე.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, საერთოდ არ არის საჭირო სტრასბურგი, იმისათვის რაც იცის თითოეულმა ქართველმა, რომ ეს არის თავიდან ბოლომდე ივანიშვილის კაპრიზებზე რუსეთის დაკვეთით შექმნილი ყალბი, ცრუ საქმეები.

„საქართველოს არ სჭირდება ბატონი, საქართველოს სჭირდება პატრონი, ახლა არის ბატონის ქვეშ, ოღონდ უპატრონოდ.

მე მაქვს დაგეგმილი რომ ძალიან აქტიურად ჩავერთო პროცესებში, რომელიც უკავშირდება შემოდგომის რეფერენდუმს და ამჯერად ნიკა მელიას ციხიდან დახსნას და სხვა რეპრესიების შეწყვეტას“, – განაცხადა სააკაშვილმა.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი აცხადებს, საუბარია ორი სისხლის სამართლის საქმეზე, ერთი არის ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტთან და მეორე – შეწყალების საქმეზე.

„ორივე საქმეზე მიმდინარეობს განხილვა. უკვე გადმოგზავნილია შესაბამისი კითხვები პროკურატურაში და ვართ იმ მოლოდინის რეჟიმში, რომ შემდგომ ეტაპზე ჩვენ მოგვიწევს კონკრეტულ პოზიციებთან დაკავშირებით დაზუსტებული პასუხების გაგზავნა და განხილვა აქტიურ ფაზაშია შესული“, – განაცხადა ადვოკატმა.