ადვოკატის ინფორმაციით, პაატა პავლიაშვილის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება შეწყდება
ადვოკატის ინფორმაციით, პაატა პავლიაშვილის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება შეწყდება

ნუცუბიძის ფერდობზე საპატრულო პოლიციის მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავებისას გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილის მიმართ პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე დაწყებული გამოძიება შეწყდება. ამის შესახებ პირველ არხს გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატმა, ლევან ვეფხვაძემ განუცხადა.

ადვოკატი, გარდაცვლილის მეუღლესთან ერთად, ექსპერტიზის დასკვნას გაეცნო, რომელსაც უნდა დაედგინა, უწყვეტი იყო თუ არა საპატრულო პოლიციის კამერებით გადაღებული ვიდეოები და ხომ არ წაიშალა რომელიმე კამერიდან მასალა. ადვოკატის განცხადებით, საქმის შეწყვეტის მიუხედავად, შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ მინიმუმ სამსახურებრივი შემოწმება უნდა განახორციელოს.

„შეიძლება ითქვას, რომ ამ ექსპერტიზის დასკვნის შედეგად, გამოძიება პრაქტიკულად დასრულდა. თუმცა, გამოძიების დასრულების მიუხედავად, ობიექტურ შეკითხვას: რა მოხდა პაატა პავლიაშვილის დაკავების დროს, სამწუხაროდ, პასუხი ვერ გაეცა იმიტომ, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანი კადრები, კერძოდ, დაკავების კადრები არ არის გადაღებული. ეს დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნამ. მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურამ სრულყოფილად ჩაატარა გამოძიება და პრეტენზია არ გვაქვს, ვფიქრობთ, მივმართოთ გენერალურ ინსპექციას, რათა ინსპექციამ შეისწავლოს, თუ რატომ არ მოხდა დაკავების პროცესის ვიდეოკამერებით გადაღება, რადგან კანონმდებლობის თანახმად, პოლიციელი ვალდებულია, გადაიღოს ვიდეოკადრები“, – განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

25 ოქტომბერს ნუცუბიძის ფერდობზე მოქალაქეებმა, მეზობლებს შორის კონფლიქტის გამო, საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. შემთხვევის ადგილზე პატრულ-ინსპექტორები მივიდნენ. კონფლიქტში ახალგაზრდა მამაკაცი, პაატა პავლიაშვილი ჩაერთო, სამართალდამცველებმა ის ადმინისტრაციული წესით დააკავეს და მიწაზე დააწვინეს, რა დროსაც პავლიაშვილი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა.