ადვოკატის ინფორმაციით, ნარკოდანაშაულში ბრალდებული ირაკლი ქორიძე ბრალს არ აღიარებს
ადვოკატის ინფორმაციით, ნარკოდანაშაულში ბრალდებული ირაკლი ქორიძე ბრალს არ აღიარებს

გასულ წელს თურქეთიდან რეანომობილით 900 აბი ნარკოტიკის შემოტანის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ირაკლი ქორიძის ადვოკატი სალომე ჯანუაშვილი წინასწარი დაკავების იზოლატორში მივიდა.

ადვოკატის თქმით, გამომძიებელი მას საქმის მასალებს გადასცემს, რის შემდეგაც, დოკუმენტაციას ბრალდებულს გააცნობს.

სალომე ჯანუაშვილის განმარტებით, დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

„დაკავების მომენტიდან მქონდა ირაკლისთან კომუნიკაცია. რა თქმა უნდა, მას განემარტა, რატომ იყო დაკავებული და პირველივე წუთიდან კატეგორიულად გამორიცხავს რამე სახის მონაწილეობას იმ სქემაში, რაც დღეს გაასაჯაროა შსს-მ.

საქმის მასალებს ჯერ არ გავცნობივარ, ახლა მივდივარ მის ასაღებად, ამის შემდეგ შევხვდები ბრალდებულს და შემეძლება ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება. ის თურქეთში არ იმყოფებოდა, ეს კატეგორიულად შემიძლია გამოვრიცხო. ირაკლი ქორიძე ამ სქემის ფარგლებში და პერიოდში თურქეთის რესპუბლიკაში ნამყოფი არ არის. გიორგი გიორგანაშვილი და ირაკლი ბიზნესპარტნიორები იყვნენ, მაგრამ მათი ეს საქმიანი ურთიერთობა გამოწვეული იყო მეგობრულ საწყისებზე თუ უბრალოდ, საქმიანი პარტნიორები იყვნენ, ეს არ ვიცი.

ზედაპირული მონაცემით, ვიცი, რომ ჯაბა ხულორდავამ ჩვენება მისცა ირაკლი ქორიძის წინააღმდეგ, თუმცა სანამ საქმის მასალებს არ გავეცნობი, დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით“, – განაცხადა ირაკლი ქორიძის ადვოკატმა.

მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის („ბახალას“) საქმესთან დაკავშირებით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით ირაკლი ქორიძე დღეს დააკავეს.