ადვოკატის ინფორმაციით, მსჯავრდებული დაზარალებულის სტატუსის მოთხოვნით შიმშილობს
ადვოკატის ინფორმაციით, მსჯავრდებული დაზარალებულის სტატუსის მოთხოვნით შიმშილობს

მსჯავრდებულ გიორგი შაურიძის ადვოკატი და ოჯახის წევრები შაურიძისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ. შაურიძე 2016 წელს დააკავეს. მას ბრალად ქურდობა და ყაჩაღობა ედებოდა. მას სასამართლომ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

შაურიძის ოჯახი აცხადებს, რომ მსჯავრდებული მე-17 დღეა, შიმშილობს. ადვოკატი ითხოვს, რომ მსჯავრდებულს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭონ, რადგან დანაშაული მან 2016 წელს ზეწოლის შედეგად ჩაიდინა.

ადვოკატის თქმით, შაურიძეს ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს და სამართალდამცავების შესაძლო გადაცდომაზე გამოძიებაც დაიწყო.

დაცვის მხარე გამოძიების შედეგების მოლოდინშია და აცხადებს, რომ პროკურატურამ შაურიძეს დაზარალებულის სტატუსი უნდა მიანიჭოს.

„ვიცავ გიორგი შაურიძის ინტერესებს. გუშინ მისმა ოჯახის წევრებმა ქალაქის პროკურატურასთან გააპროტესტეს, რომ 2016 წლის 3 ნოემბერს დაიწყო სისხლის სამართლის საქმე შაურიძის მიმართ. დააკავეს ვაკე-საბურთალოს მიმდებარე ტერიტორიაზე, აღუკვეთეს უკანონოდ თავისუფლება და ზეწოლის შედეგად ყაჩაღობა და ქურდობა აღიარებინეს. მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. პროკურატურაში აღიძრა საქმე მის მიმართ სავარაუდო უფლებამოსილების გადამეტებაზე. გამოძიება დაიწყო, მაგრამ დღემდე არ არის გადაწყვეტილება მის მიმართ დაზარალებულად ცნობაზე. მე-17 დღეა, შიმშილობს. პროკურატურამ დაზარალებულად უნდა ცნოს“, – აცხადებს ადვოკატი ემზარ საბანაძე.