ადვოკატის ინფორმაციით, მინდია ლავასოღლიმ თურქეთის საპატიმრო დატოვა და მისი ექსტრადირება ბელარუსში განხორციელდა
ადვოკატის ინფორმაციით, მინდია ლავასოღლიმ თურქეთის საპატიმრო დატოვა და მისი ექსტრადირება ბელარუსში განხორციელდა

ადვოკატ თამაზ ბაკურიძის ინფორმაციით, მინდია ლავასოღლიმ თურქეთის საპატიმრო დაწესებულება დატოვა. როგორც ადვოკატმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას განაცხადა, მინდია ლავასოღლი ამჟამად ბელარუსში იმყოფება.

„მას სასწრაფოდ დაატოვებინეს საპატიმრო, გადაიყვანეს საემიგრაციო სამსახურში, მისცეს ძალიან მოკლე ვადა, რათა დაუყოვნებლივ დაეტოვებინა თურქეთის რესპუბლიკა. რადგან იმ დროისათვის მხოლოდ ერთი ავიარეისი იყო ბელარუსიის მიმართულებით, მოხდა მისი ექსტრადირება ბელარუსის დედაქალაქში, მინსკში. როგორც მე ვიცი, ბელარუსის მხარე აქტიურ მოლაპარაკებას აწარმოებს ქართულ მხარესთან, რატომ იძებნება ინტერპოლით, რა დანაშაული ჰქონდა ჩადენილი“, – განაცხადა ადვოკატმა, თამაზ ბაკურიძემ.

ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის, მინდია ლავასოღლის ექსტრადირების მოთხოვნით ბათუმის მთავარ პროკურატურასთან და თურქეთის საკონსულოსთან რამდენიმე კვირის განმავლობაში აქციები მიმდინარეობდა.