ადვოკატის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე 10 მაისს გამოცხადდება
ადვოკატის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე 10 მაისს გამოცხადდება

მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არც ხვალ მივა.

როგორც საქართველოს პირველ არხს ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა განუცხადა, მაჩალიკაშვილი თანახმაა, რომ სუს-ში დაკითხვაზე ზეგ, 10 მაისს 15:00 საათზე გამოცხადდეს.

ამასთან, ადვოკატი ამბობს, რომ არ იცის, რა მიზეზით ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხვალ მისვლაზე უარს.

სოსო გოგაშვილის მიმართ, ტერაქტის მზადების საქმის ფიგურანტი მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაკითხვაზე დღესაც დაიბარა, თუმცა ის არც დღეს გამოცხადდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ გამოვლინდა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერაქტის ორგანიზების გზით სოსო გოგაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მკვლელობის თაობაზე. ამასთან, სუს-მა მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბრის აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც უწყების მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმისშვილთან ტერაქტის მომზადებაზე საუბრობს. სუს-ის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბარი სატელეფონო ჩანაწერი არ არის.

დატოვე კომენტარი