ადვოკატის ინფორმაციით, ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული სერგეი კუხარჩუკი, მეორე დღეა, შიმშილობს
ადვოკატის ინფორმაციით, ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული სერგეი კუხარჩუკი, მეორე დღეა, შიმშილობს

ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული სერგეი კუხარჩუკი, მეორე დღეა, შიმშილობს. ამის შესახებ დღევანდელი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ მისმა ადვოკატმა, ნიკოლოზ ლეგაშვილმა განაცხადა.

როგორც ადცოკატმა აღნიშნა, კუხარჩუკი, მეოცე დღეა, ქსნის დაწესებულებიდან გლდანის მერვე დაწესებულებაში გადაიყვანეს და მას შემდეგ ოჯახის წევრებთან სატელეფონო კომუნიკაციის საშუალება არ ეძლევა. არგუმენტად ადმინისტრაცია ასახელებს შესაბამის პროცედურებს, თუმცა როგორც ადვოკატი ამბობს, დაწესებულების შეცვლის გამო ახალი კოდის გააქტიურებას 20 დღე არ სჭირდება.

ლეგაშვილი აღნიშნავს, რომ ქსნის დაწესებულებიდან კუხარჩუკს სატელეფონო ზარების უფლებით სარგებლობა შეეძლო. მისივე თქმით, პროცესების დახურვის გამო კუხარჩუკის ოჯახის წევრები ტელევიზიით და ინტერნეტის მეშვეობით ბრალდებულსაც ვეღარ ხედავენ და ამჯერად უკვე სატელეფონო ზარების უფლებითაც ვეღარ სარგებლობს.

ლეგაშვილის განცხადებით, დღეს პროცესზე სცადა, ეს განცხადება გაეკეთებინა როგორც მას, ასევე მისი დაცვის ქვეშ მყოფ კუხარჩუკს, თუმცა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ამის უფლება არ მისცა.