ადვოკატის ინფორმაციით, ივერი მელაშვილი სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფებოდა
ადვოკატის ინფორმაციით, ივერი მელაშვილი სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფებოდა

საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებაში ბრალდებული ივერი მელაშვილი სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს მელაშვილის ადვოკატმა ედუარდ მარიკაშვილმა დაუდასტურა.

გამოკითხვა იმ მოკვლევის ფარგლებში წარიმართა, რომელსაც პენიტენციური სამსახური სახალხო დამცველის განცხადებასთან დაკავშირებით აწარმოებს.

„ეს გამოკითხვა ეხებოდა სახალხო დამცველის მიერ პენიტენციურ დაწესებულებაში ივერი მელაშვილის უფლებების დარღვევას, რაც გულისხმობდა ადვოკატთან კომუნიკაციის კონფიდენციალურობის დარღვევას. მე არ გამომატანეს ის დოკუმენტები, რომელიც მელაშვილს მივაწოდე საქმესთან დაკავშირებით და სადაც ივერი მელაშვილის ჩასწორებები იყო შეტანილი. მას ჰქონდა საქმესთან დაკავშირებულ დოკუმენტებზე მინაწერები გაკეთებული, ეს დოკუმენტები მე მივეცი. როდესაც ეს მინაწერები გააკეთა და უკან უნდა დაებრუნებინა, მომცეს სულ სხვა დოკუმენტები, სადაც არანაირი ჩანაწერი არ მოიძებნებოდა, მელაშვილის მინაწერებით გაკეთებული დოკუმენტები კი თავად დაიტოვეს. შიდა მონიტორინგის სამსახური სახალხო დამცველის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით სწავლობს, ხომ არ არის თანამშრომლების შესაძლო გადაცდომის ფაქტები“, – განაცხადა ივერი მელაშვილის ადვოკატმა ედუარდ მარიკაშვილმა.

2021 წლის 29 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველმა ბრალდებულ ივერი მელაშვილის საქმესთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ სახალხო დამცველმა ბრალდებულ ივერი მელაშვილის ადვოკატთან კონფიდენციალური კომუნიკაციის უფლების დარღვევა დაადგინა და 2021 წლის 28 იანვარს იუსტიციის მინისტრს N8 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წინადადებით მიმართა.

სახალხო დამცველის აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ ბრალდებულის ადვოკატის მხრიდან მიმართვისთანავე, უწყებამ მიმდინარე თვის დასაწყისში დაიწყო მოკვლევა იმ ფაქტთან დაკავშირებით (2020 წლის 30 დეკემბრის ინციდენტი N8 პენიტენციურ დაწესებულებაში), რომელზეც ომბუდსმენი თავის განცხადებაში მიუთითებს. მათივე ცნობით, მოკვლევის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება დასკვნა და თუ გამოიკვეთება პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის/თანამშრომლების მხრიდან გადაცდომა, ამ ფაქტს სათანადო რეაგირება მოჰყვება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.