ადვოკატის ინფორმაციით, იულია სუსლიაკის მიერ საქართველოში ჩამოყვანილი 10 ბავშვი შესაძლოა, უკრაინაში დღეს დააბრუნონ
ადვოკატის ინფორმაციით, იულია სუსლიაკის მიერ საქართველოში ჩამოყვანილი 10 ბავშვი შესაძლოა, უკრაინაში დღეს დააბრუნონ

იულია სუსლიაკის მიერ საქართველოში ჩამოყვანილი 10 ბავშვი შესაძლოა, უკრაინაში დღეს დააბრუნონ, – ამის შესახებ ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული უკრაინელი ქალის ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ განაცხადა.

მისი თქმით, ბავშვები, რომლებიც ამ დროისთვის საგარეჯოში მინდობით აღზრდაში არიან, ბებიამ მოინახულა.

„კონსპირაციულ შენობაში შემიყვანეს. ნაწილ-ნაწილ შემოიყვანეს ბავშვები. ასაკით უფროსებმა ტირილი დაიწყეს და მეკითხებოდნენ, როდის წამიყვან ბებია? უკრაინაში რომ წავიყვანთ, ისინი ჩვენთან ერთად იქნებიან და არა სახელწიფოს მეურვეობის ქვეშ“, – განაცხადა იულია სუსლიაკის დედამთილმა, ემა სუსლიაკმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული იულია სუსლიაკის ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ ბავშვები უკრაინაში დღესვე წაიყვანონ.

ადვოკატის თქმით, უკრაინის დელეგაციას ახლავს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, თერაპევტი და სოციალური მუშაკი. დელეგაცია მოლაპარაკებებს მართავს, საქართველოს პროკურატურასა და ჯანდაცვის სამინისტროსთან, რათა ბავშვებზე მეურვეობა ბებიებს გადაეცეთ.