ადვოკატი - იულია სუსლიაკის ბავშვების მეურვეობა ბებიებს გადაეცათ და ისინი დღესვე დატოვებენ საქართველოს
ადვოკატი - იულია სუსლიაკის ბავშვების მეურვეობა ბებიებს გადაეცათ და ისინი დღესვე დატოვებენ საქართველოს

ტრეფიკინგში ბრალდებული იულია სუსლიაკის 10 ბავშვის მეურვეობა ბებიებს გადაეცათ და ისინი დღესვე დატოვებენ მინდობითი აღზრდის დაწესებულებებს და საქართველოს, – ამის შესახებ პირველ არხს სუსლიაკის ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ განუცხადა.

ადვოკატის თქმით, ამ შეთანხმებას ქართულ მხარესთან საქართველოში ჩამოსულმა უკრაინულმა დელეგაციამ მიაღწია.

ზურაბ თოდუას თქმით, ამ გადაწყვეტილების საფუძველი სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაა, რომელიც ადასტურებს, რომ 10 ბავშვი იური და იულია სუსლიაკის შვილები არიან.

ტრეფიკინგში ბრალდებულ იულია სუსლიაკს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ბრალდებით დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, ის საქართველოში 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აპირებდა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას. გამოძიების ფარგლებში მოპოვებული დოკუმენტაციის მიხედვით, 10-ვე ბავშვი მისი შვილია და მის გვარს ატარებს. თუმცა, მცირეწლოვნებიდან ოთხი დაბადებულია 2017 წელს.

ამასთან, ადვოკატის ინფორმაციით, სამხარაულის ბიუროს დასკვნით, 10 ბავშვიდან ოთხი იური და იულია სუსლიაკების საერთო შვილია, ექვსი კი – იური სუსლიაკის.