ადვოკატის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა პროკურორებთან გასაუბრებაზე უარი თქვა, რადგან მის საჯარო განცხადებებზე გამოძიება დაწყებული არ არის
ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი სოსო ბარათაშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა პროკურორებთან გასაუბრებაზე უარი თქვა.
მისივე თქმით, პროკურორების წარმომადგენლებმა ვერ დაასხელეს საპორცესო ნორმა, რის საფუძველზეც გასაუბრება იგეგმებოდა.
საკითხი ეხება ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ საჯარო წერილებს.
„გამოძიება თუ დაიწყება, ირაკლი ღარიბაშვილი მზად არის, ითანამშრომლოს გამოძიებასთან, მისცეს ჩვენება მაგისტრატ მოსამართლესთან. ეს ყველაფერი ოქმის სახით დაფიქსირდა. საუბარი არ შემდგარა. როგორც აღმოჩნდა, გამოძიება დაწყებული არ არის. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღესვე, სათანადო განცხადებით, გამოძიების დაწყების თაობაზე მივმართოთ გენერალურ პროკურორს. ვფიქრობდით, რომ პროკურატურა ვალდებული იყო, გამოძიება დაწყებულიყო საჯარო განცხადებების საფუძველზე, ვინაიდან ეს განცხადება ფსიქიკური და მორალური ზემოქმედების ნიშნებს შეიცავდა. როგორც აღმოჩნდა, არ არის დაწყებული. გამომძიებელმა მითხრა, რომ სახალხო დამცველის წერილი მიიღო, რომელიც დაინტერესებული იყო საკითხით, როგორ მიმდინარეობდა გამოძიება ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების თაობაზე. როგორც აღმოჩნდა, ქვემო ქართლის სამხარეო პროკურატურა დაინტერესებული არ არის იმით, რომ გამოძიება დაიწყოს. ისინი დაინტერესებული არიან გასაუბრებით, რაც არ არის საპროცესო ნორმა. ისინი ამას ხსნიან გავრცელებული პრაქტიკით, რაც ჩვენთვის მიუღებელია. ამგვარ ქმედებას ჩვენ შემდგომ ნაბიჯს დავუპირისპირებთ, რაც განცხადების შეტანაა გენერალურ პროკურატურაში“ , – აღნიშნა სოსო ბარათაშვილმა.