ადვოკატის ინფორმაციით, გუშინ აქციაზე დაკავებულმა აზა ჩილაჩავამ დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში შიმშილობა დაიწყო
საპროტესტო აქციაზე გუშინ დაკავებულმა აზა ჩილაჩავამ დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში შიმშილობა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატი ლელა არევაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„შემაძრწუნებელი სანახავი იყო, როგორ მოჰყავთ ბებო და გისოსებს მიღმა მის გულზე ჩანს წარწერა „გაგრა!“ აზა მხნედ არის, უშიშრად, როგორც სჩვევია.
დაიწყო შიმშილობა, ბევრი თხოვნის მიუხედავად, აზრი ვერ შევაცვლევინეთ (შიმშილობა წყლის გარეშე)“, – წერს არევაძე, რომელმაც იქამდე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩილაჩავა დიღმის იზოლატორში გადაიყვანეს.
აზა ჩილაჩავა პოლიციამ გუშინ დააკავა. არსებული ინფორმაციით, ის დაკავებულია გზის განმეორებითი გადაკეტვის გამო. ასევე, გავრცელებული ცნობით, აქციაზე კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს. შსს-ს დაკავებულების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია.