ადვოკატის ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ საბა გოგშელიძეს, საბა ჩხარტიშვილსა და ირაკლი წაქაძეს შესაძლოა, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეთ
ადვოკატის ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ საბა გოგშელიძეს, საბა ჩხარტიშვილსა და ირაკლი წაქაძეს შესაძლოა, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეთ

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ სამ პირთან, სავარაუდოდ, საპროცესო შეთანხმება გაფორმდება, – ამის შესახებ ბრალდებულ ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატმა, ლელა გოგოლაძემ განაცხადა.

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა წერილობითი თანხმობა უკვე განაცხადა, რომლის მიხედვითაც, ბრალდებულების – საბა გოგშელიძის, საბა ჩხარტიშვილისა და ირაკლი წაქაძის მიმართ ვახტანგ ჩიქოვანს პრეტენზია არ აქვს. როგორც ლელა გოგოლაძე ამბობს, თუ აღნიშნული სამი ბრალდებული და პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას გააფორმებენ, სასამართლო სხდომის ჩანიშვნა აუცილებელი იქნება.

„ვახტანგ ჩიქოვანმა დღეს გადაწყვიტა, თანხმობა მიეცა ბრალდებულებისათვის იმ საპროცესო შეთანხმებაზე, რომელსაც ისინი მიაღწევენ პროკურატურასთან. ანუ, დღეს შედგა შეთანხმება წერილობითი ფორმით, რომლის მიხედვითაც, ვახტანგ ჩიქოვანმა მისცა თანხმობა სამ ბრალდებულს – საბა გოგშელიძეს, საბა ჩხარტიშვილსა და ირაკლი წაქაძეს. ვახტანგ ჩიქოვანი პირველივე დღიდან ახმოვანებდა ,რომ მას ამ ბრალდებულებთან პრეტენზია არ ჰქონდა, მაგრამ ამას წერილობითი ფორმით როდის გადასცემდა, ამასთან დაკავშირებით გადიოდა ჩემთან კონსულტაციას. გადატვირთული სასამართლო გრაფიკიდან გამომდინარე, ამ წერილის შედგენა ვერ შევძელით, დღეს მოვახერხეთ ამ თანხმობის ფურცელზე გადატანა და გადავეცი შესაბამის ორგანოებს. შემდეგი ნაბიჯია პროკურატურისა და ამ სამი ბრალდებულის ერთმანეთთან შეთანხმება. თუ ხსენებული სამი ბრალდებული და პროკურატურა საპროცესოს გააფორმებენ, უნდა ჩაინიშნოს სასამართლო“, – განაცხადა ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატმა, ლელა გოგოლაძემ.

ერთ-ერთ ბრალდებულის, საბა ჩხარტიშვილის ადვოკატის, დავით ჭიკაიძის განცხადებით, მისთვის ცნობილია, რომ ვახტანგ ჩიქოვანი თანახმაა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეს. მისივე თქმით, შესაძლოა, მისი დაცვის ქვეშ მყოფისა და დანარჩენი ორი პირის მიმართ პროკურატურამ დაამტკიცოს საპროცესო შეთანხმება პირობით მსჯავრზე, რაც ნიშნავს, რომ ბრალდებულები სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდებიან.

როგორც ადვოკატი ამბობს, გაწერილი განრიგის მიხედვით, საქმეზე პროცესი 11 იანვარს გაიმართება, თუმცა იმ შემთხვევაში თუ პროკურატურა საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით ოქმს შეადგენს, შესაძლოა, რიგგარეშე სხდომა ჩაინიშნოს.

„ვახტანგ ჩიქოვანმა განაცხადა, რომ თანხმობას აცხადებს, საბა ჩხარტიშვილს, საბა გოგშელიძეს და ირაკლი წაქაძეს გაუფორმდეს საპროცესო შეთანხმება, თუმცა ამის შემდეგი ეტაპი იქნება აუცილებლად პროკურატურის მიერ მისაღები გადაწყვეტილება, რომ დათანხმდეს საპროცესო შეთანხმებას და შეადგინოს ოქმები. თუ პროკურატურა შეადგენს ოქმს, ამის შემდეგ უნდა მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით, რომ საქმის არსებითი განხილვის გარეშე მოხდეს საქმის განხილვა. ჩემი ინფორმაციით, პროკურატურამ შესაძლოა, დაამტკიცოს საპროცესო შეთანხმება პირობით მსჯავრზე, რაც ნიშნავს, რომ შესაძლოა მოხდეს მათი სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლება, თუმცა ეს ინფორმაცია ჯობია, პროკურატურისგან მოვისმინოთ“, – განაცხადა საბა ჩხარტიშვილის ადვოკატმა, დავით ჭიკაიძემ.

შეგახსენებთ, ვახტანგ ჩიქოვანი დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობისა და ასევე, გურამ ამირხანაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით არის დაკავებული. რაც შეეხება საბა ჩხარტიშვილს, საბა გოგშელიძესა და ირაკლი წაქაძეს, გამოძიება მათ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას ედავება.