ადვოკატის ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ პირებს შორის ორი მორაგბეა, ვასილ მახარაძე და არჩილ გაგნიძე
ადვოკატის ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ პირებს შორის ორი მორაგბეა, ვასილ მახარაძე და არჩილ გაგნიძე

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ფარგლებში დაკავებულ 17 პირს შორის ორი მორაგბეა, ვასილ მახარაძე და არჩილ გაგნიძე. ამის შესახებ დაკავებულთა ადვოკატმა, ბექა ნემსიწვერიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები დღეს დილით დააკავეს. მისივე ინფორმაციით, ორივე „ტოიოტას“ მარკის ავტომობილში იმყოფებოდა.

„დაკავებულები არიან მორაგბეები, რომლებიც ამ დილით სახლში დააკავეს. გავეცნობით საქმის მასალებს და უფრო დეტალურად გვეცოდინება ყველაფერი. ისინი არ იმყოფებოდნენ წვეულებაზე, მოგვიანებით ჩავიდნენ. ესენი არიან „ტოიოტას“ მძღოლი და ამავე ავტომობილში მჯდომი მგზავრი. ისინი აგარაკზე რომ მივიდნენ, იქ უკვე აღარავინ იყო, კონფლიქტი მომხდარი იყო, ხოლო წვეულება დაშლილი. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები დიდი ხნის დაგვიანებით მივიდნენ იქ. როდესაც ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფები იქ მივიდნენ, სავარაუდოდ შაქარაშვილი იქ ვერ იქნებოდა, რადგან ფოტოგრაფის ჩვენებიდანაც ირკვევა, რომ იქ მანამდე პირველი მანქანა იყი მისული და მაშინ გაიქცნენ ფოტოგრაფიც და გიორგი შაქარაშვილიც.

ამასთან, ადვოკატის თქმით, საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი პირი გური ამირხანაშვილი სწორედ მისი დაცვის ქვეშ მყოფებმა ჩამოიყვანეს შემთხვევის ღამეს თბილისში.

„გური ამირხანაშვილთან არანაირი კონფლიქტი არ ყოფილა, არც ფსიქოლოგიური ძალადობა“, – განაცხადა დაკავებულთა ადვოკატმა.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული პირები პოლიციის მთავარ სამმართველოში არიან გადაყვანილი.

არსებული ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 პირი დააკავეს. შსს-ში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, რომ საქმესთან დაკავშირებით კომენტარი ცოტა ხანში გაკეთდება.