ადვოკატის ინფორმაციით, გარდაცვლილი ექთნის სამედიცინო შუალედური ექსპერტიზის დასკვნა სავარაუდოდ ორშაბათს იქნება მზად
ადვოკატის ინფორმაციით, გარდაცვლილი ექთნის სამედიცინო შუალედური ექსპერტიზის დასკვნა სავარაუდოდ ორშაბათს იქნება მზად

მას შემდეგ, რაც სავარაუდოდ ორშაბათს, გარდაცვლილი ექთნის სამედიცინო შუალედური ექსპერტიზის დასკვნა მზად იქნება, „ასტრაზენეკას“ საგამოძიებო დოკუმენტები გადაეგზავნება, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ვაქცინაციის შემდეგ გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატმა, ვახტანგ ბარამაშვილმა განუცხადა.

ადვოკატის ინფორმაციით, „ასტრაზენეკა“ იძიებს, უკავშირდება თუ არა ექთნის გარდაცვალება ვაქცინას, რომელიც კომპანიის შექმნილია.

„ვერ გეტყვით, „ასტრაზენეკა“ რა სისწრაფით ოპერირებს. ამ საკითხთან მიმართებაში უნიკალური გამოცდილებაა. მსოფლიოში არსად არ გარდაცვლილა ადამიანი „ასტრაზენეკას“ ვაქცინის შემდგომ. „ასტრაზენეკამ“ უნდა გამოიკვლიოს, დაკავშირებული არის თუ არა მისი პროდუქტის მოხმარების შემდგომ ადამიანის გარდაცვალება, უშუალოდ ამ პროდუქტთან. კვლევის დაწყების შემდეგ, მათგან მივიღეთ წერილი, მოთხოვნა გარკვეულ დოკუმენტაციაზე, რომლითაც უკვე შეეძლებათ პრობლემების იდენტიფიცირება“, განაცხადა ვახტანგ ბარამაშვილმა.

ადვოკატი ექთნის გარდაცვალებაზე პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიების ოპერატიულობით უკმაყოფილოა.

„გამოძიების ვერსიები არ ვიცით, ისინი მხოლოდ და მხოლოდ აგროვებენ მტკიცებულებებს, რაც არის ბუღალტერიის შეგროვება – ხშირ შემთხვევაში გამოთხოვილ დოკუმენტებს არც კი ეცნობიან, რაც სამწუხაროა, რადგან თითოეული დოკუმენტი კვალის მანიშნებელია და ეს კვალი საჭიროებს გაყოლას და მეტ ჩაძიებას. გამოძიება რამდენად ეფექტურად მიმდინარეობს ვერ გეტყვით, მე შემიძლია გითხრათ, რომ ძიება დიდწილად მიყვება ჩვენს შუამდგომლობებს და მოთხოვნებს და ამ ნაწილში შეიძლება იმის თქმა, რომ გამოძიება არაეფექტურია“, – განაცხადა ადვოკატმა.

ვახტანგ ბარამაშვილის თქმით, ორშაბათს, მას შემდეგ რაც სამედიცინო ექსპერტიზის შუალედური დასკვნა მზად იქნება, დაზარალებული მხარე საქმეში ალტერნატიულ ექსპერტებს ჩართავს.

„ექსპერტიზის დასკვნის შინაარსი სამედიცინო ისტორიასთან ერთად გვაძლევს გარკვეული დასკვნების გაკეთების საშულებას და მივმართავთ ალტერნატიულ ექსპერტებს. ამასთან ვაპირებ მივმართო სამედიცინო ასოციაციებს. ვთხოვო, გამოიჩინონ კოლეგიალობა მეგის მიმართ და მათაც გააკეთონ შეფასება, დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რა მოხდა რეალურად“, – განაცხადა ადვოკატმა.