ადვოკატის განცხადებით, შანაი ბრუკის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს
ადვოკატის განცხადებით, შანაი ბრუკის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს

შანაი ბრუკის მკვლელობის საქმეზე დაკავებული რაფაელ მურსაკულოვი მისმა ადვოკატმა დროებითი მოთავსების იზოლატორში მოინახულა.

ადვოკატ სოფიო გოგლიჩიძის განცხადებით, რაფაელ მურსაკულოვი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

ადვოკატის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს არანაირი შეხება არ ჰქონია მოკლულ ქალთან და ისინი მეზობლებიც არ ყოფილან.

როგორც სოფიო გოგლიჩიძემ აღნიშნა, საქმის მასალები მას ხვალ გადაეცემა და ასევე ხვალ წარედგინება ბრალი რაფაელ მურსაკულოვს.

„შევხვდი უკვე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, მოვინახულე, მოვისმინე მისი პოზიციებიც. რაც შეეხება ოფიციალურ ბრალს, ჯერ ბრალი არ წარუდგენიათ მისთვის. რაც შეეხება, მის პოზიციას ამ ეტაპზე იყენებს დუმილის უფლებას, ასე რომ კონკრეტულად მესამე პირები თუ სხვა პირები მონაწილეობდნენ თუ არა, ამას ვერ გეტყვით. საქმის მასალები ჯერ არ გადმომცემია. მე შევხვდი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს გამომძიებლის გარეშე. ხვალ გადმომცემენ საქმის მასალებს. იყენებს დუმილის უფლებას და სიღრმისეულ დეტალებზე ვერ გესაუბრებით. რაც შეეხება კითხვას, იცნობდა თუ არა მას, ის აცხადებს რომ არ იცნობდა, არანაირი შეხება მაგ პიროვნებასთან არ ჰქონია და მეზობლებიც არ იყვნენ. დუმილის უფლებას იყენებს, აქედან გამომდინარე, მოტივსაც ვერ მოგახსენებთ. იგი არ იცნობდა მას და ბრალს რომ არ აღიარებს და ამ საქმეში დაკავებას კანონიერად რომ არ ცნობს, უკვე მოგახსენეთ“, – განუცხადა ჟურნალისტებს სოფიო გოგლიჩიძემ.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დაკავებული რაფაელ მურსაკულოვი „ქართული ოცნების“ აქტივისტი იყო, აღნიშნულ საკითხს ადვოკატი სოფიო გოგლიჩიძე ადასტურებს.

„ამ თემაზე არ სურს საუბარი. „ქართული ოცნების“ აქტივისტი იყო. კონკრეტული საკითხები, რაც შეეხება პოლიტიკურ საკითხებს, ამ თემასთან შეხებაში არ არის, აქედან გამომდინარე, არ დამიზუსტებია“, – განაცხადა ადვოკატმა.

დატოვე კომენტარი