ადვოკატი ზვიად რატიანისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვს
ადვოკატი ზვიად რატიანისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვს

პოეტ ზვიად რატიანის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვს.

როგორც ანა ნასრაშვილი ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, დაცვის მხარე აპირებს აღნიშნული მოთხოვნით პროკურატურას მიმართოს.

„ზვიად რატიანი უარყოფს, რომ თითქოს იგი თამარ მეფის გამზირზე უმისამართოდ იგინებოდა, რაც გახდა შემდგომ მისი დაკავების მიზეზი. ვაპირებთ მივმართოთ პროკურატურას, რომ მას დაზარალებულის სტატუსი მიენიჭოს”, – განაცხადა ნასრაშვილმა.

ამასთან, დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე დააყენებს შუამდგომლობას პროცესის გადადების თაობაზე.

ადვოკატის განცხადებით, ზვიად რატიანი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საქალაქო სასამართლოში სხდომაზე ვერ გამოცხადდება. როგორც ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მკურნალობას სახლში გადის, მას ტვინის შერყევა აქვს და მხარე პროცესის გადადებას ამის გამო მოითხოვს.

საქალაქო სასამართლოში უნდა დაიწყოს სხდომა, რომელზეც ზვიად რატიანის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე უნდა იმსჯელონ.

როგორც ცნობილია, საპოლიციო კონტროლის ფარგლებში სამართალდამცველებმა პოეტი ზვიად რატიანი დააკავეს. რატიანი სამართალდამცველებს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. შსს-ში კი აცხადებენ, რომ ზვიად რატიანი იყო ნასვამ მდგომარეობაში, წინააღმდეგობას უწევდა და შეურაცხყოფას აყენებდა სამართალდამცავებს, რითაც არ აძლევდა მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შესაძლებლობას.