ადვოკატი - ყოფილმა სპეცრაზმელმა ჩვენება 2014 წელს მისცა, თუ ეს ჩვენება მნიშვნელოვანი იყო, რატომ არ წაუყენეს ერეკლე კოდუას ბრალი 2018 წლამდე
ადვოკატი - ყოფილმა სპეცრაზმელმა ჩვენება 2014 წელს მისცა, თუ ეს ჩვენება მნიშვნელოვანი იყო, რატომ არ წაუყენეს ერეკლე კოდუას ბრალი 2018 წლამდე

დავით დათაშვილმა ჩვენება 2014 წლის მარტში მისცა. თუ ეს ჩვენება ასეთი მნიშვნელოვანი იყო, რატომ არ წაუყენეს ერეკლე კოდუას ბრალი 2018 წლამდე, – ამის შესახებ ერეკლე კოდუას ადვოკატმა, გიორგი სიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

დაცვის მხარე ამბობს, რომ უნდა შეფასდეს, თუ რამდენად არის სარწმუნო სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი უფროსის, დავით დათაშვილის ჩვენება.

„აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება ერთ გარემოებას. მოწმე ამბობს, რომ 18 ადამიანი იყო მის დაქვემდებარებაში და ფაქტობრივად, თავისი ხელით დააზიანა აპარატურა. თუმცა, ვერც ერთი პირის გვარს ვერ ასახელებს. ვერ გაიხსენა, ვისთან ერთად შეასრულა დავალება“, – აცხადებს გიორგი სიბაშვილი.

შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ) ყოფილი დირექტორის, ერეკლე კოდუას ბრალდების საქმეზე დღეს სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი ხელმძღვანელი, დავით დათაშვილი დაიკითხა. მისი თქმით, უშუალოდ ერეკლე კოდუა გასცემდა ბრძანებებს, რომ სპეცრაზმს ტელეკომპანია „იმედში“ დაემტვრია ტექნიკა და ყველაფერი გაენადგურებინა.