ადვოკატი - წარმოუდგენელია, მიუნხენიდან ქორიძეს ჯიბით 300 აბი სუბუტექსი შემოეტანა მაშინ, როდესაც საბაჟო კონტროლი გავლილი ჰქონდა
ადვოკატი - წარმოუდგენელია, მიუნხენიდან ქორიძეს ჯიბით 300 აბი სუბუტექსი შემოეტანა მაშინ, როდესაც საბაჟო კონტროლი გავლილი ჰქონდა

ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში შემოტანისა და შენახვისთვის ბრალდებული ირაკლი ქორიძის ადვოკატის, დავით კორკოტაშვილის განცხადებით, 2010 წელს, ირაკლი ქორიძის მიმართ მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლების მიერ რეპრესიული მოქმედებები დაიწყო.

კორკოტაშვილის განცხადებით, ირაკლი ქორიძე იშვიათი მოდელის „მერსედესის“ მარკის ავტომობილს ფლობდა, რის გამოც მას სთხოვეს საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტისთვის ეთხოვებინა ავტომობილი. ადვოკატის თქმით, ქორიძემ თხოვნა გაითვალისწინა და პრეზიდენტს ავტომანქანა ათხოვა.

უფლებადამცველის ცნობით, ქორიძის ავტომობილით მიხეილ სააკაშვილმა გომბორის გზა გახსნა.

„მოგვიანებით, მას მოსთხოვეს აღნიშნული ავტომობილი უსასყიდლოდ დაეთმო სახელმწიფოსთვის, რაზეც ქორიძემ უარი განაცხადა. ქორიძეზე ზეწოლა დაიწყო ამის შემდეგ, შევიდნენ მის საკუთრებაში არსებულ ტოტალიზატორ „აზია ბეტში“ და ითხოვდნენ მისგან 2 მილიონ 500 ათას ლარს. მოგვიანებით კი, ქორიძე 300 აბი სუბუტექსის საქართველოში შემოტანისთვის დააკავეს.

წარმოუდგენელია, რომ მიუნხენიდან ქორიძეს პალტოს გულის ჯიბით 300 აბი სუბუტექსი შემოეტანა მაშინ, როდესაც მას საბაჟო კონტროლი გავლილი ჰქონდა.

ამის შემდეგ მამამისზე, თემურ ქორიძეზე მიმდინარეობდა ზეწოლა, რომ სპეციალური ოპერატიული სამსახურისთვის გადაეცა ავტომობილი და გადაეხადათ 500 ათასი ლარი, წინააღმდეგ შემთხვევაში მის შვილს მაქსიმალურ სასჯელს მიუსჯიდნენ, რაც განახორციელეს კიდეც“,- აღნიშნა ადვოკატმა..

როგორც დავით კორკოტაშვილმა აღნიშნა,  ირაკლი ქორიძე წინა ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად იყო განწყობილი, ის ორგანიზებას უწევდა ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ აქციებში კონკრეტული პირების მონაწილეობის საკითხს.

ქორიძის უფლებადამცვლებმა სასამართლოს 2014 წელს, საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ დადებული დასკვნა წარუდგინეს, რასაც მისი შეწყალება დაედო საფუძვლად.