ადვოკატი - ვიმედოვნებ, რომ ეკა გიგაურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდება
ადვოკატი - ვიმედოვნებ, რომ ეკა გიგაურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდება

მიუხედავად საერთო სასამართლოებში შექმნილი მდგომარეობისა, ვიმედოვნებთ, რომ ეკა გიგაურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდება, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის ადვოკატმა, თეონა ზაქარაშვილმა სააპელაციო სასამართლოში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„მიუხედავად საერთო სასამართლოებში შექმნილი მდგომარეობისა, ვიმედოვნებთ, რომ ეკა გიგაურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდება, სასამართლო იტყვის, რომ ნამდვილად ცილისწამებას ჰქონდა ადგილი და ხაინდრავასა და ადამაშვილის მიერ დაბრალებული განცხადებები ნამდვილად არის მიმართული ეკა გიგაურის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისაკენ. ამის იმედს გვაძლევს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც ნათლად ჩაიწერა, რომ არანაირ უკანონო ქმედებას ეკა გიგაურის მხრიდან ადგილი არ ჰქონია. ერთადერთი სასჯელი, რომელიც სააპელაციო სასამართლოს დარჩა, არის ის ფაქტი, რომ ხაინდრავასა და ადამაშვილის განცხადებები არის მიმართული ეკა გიგაურის საქმიანი რეპუტაციის შელახვისკენ. ამას ადასტურებს მთელი ოთხი წლის განმავლობაში მათ მიერ და საქართველოს ფორმალური თუ არაფორმალური მმართველობის მიერ, ათასჯერ გამეორებული ეს ცილისწამებლური განცხადებები“, – განაცხადა ეკა გიგაურის ადვოკატმა თეონა ზაქარაშვილმა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დირექტორმა, ეკა გიგაურმა რეჟისორ გოგა ხაინდრავასა და გურამ ადამაშვილს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის უჩივლა.

მოსარჩელე მხარის განმარტებით, საქმე ეხება 2014-2015 წლებში ხაინდრავასა და ადამაშვილის მიერ სატელევიზიო ეთერით გაკეთებულ განცხადებებს. მოპასუხეებმა ეკა გიგაური დაადანაშაულეს 2007 წლის ნოემბრის აქციების ძალისმიერი მეთოდით დაშლის წახალისებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან კუჭავამ ეკა გიგაურის საჩივარი არ დააკმაყოფილა. მოსამართლის განცხადებით, მოცემულ შემთხვევაში, სადავო განცხადებას არ გააჩნია ცილისწამებად კვალიფიკაციის ელემენტი. სასამართლომ გიგაურის მისამართით გაკეთებული განცხადებები ჩათვალა შეფასებით მსჯელობად და აზრის გამოხატვად. ეკა გიგაურმა საქალაქო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.