ადვოკატი - ვეფხია ბაქრაძე მკვლელობის ფაქტს აღიარებს, თუმცა არა დამამძიმებელ გარემოებაში
ადვოკატი - ვეფხია ბაქრაძე მკვლელობის ფაქტს აღიარებს, თუმცა არა დამამძიმებელ გარემოებაში

თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის, ვეფხია ბაქრაძის ადვოკატი, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას მოითხოვს.

ამის შესახებ ადვოკატმა ლევან მარსაგიშვილმა ჟურნალისტებს საქალაქო სასამართლოში განუცხადა, სადაც ბაქრაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე  სასამართლო სხდომა იწყება.

მისი თქმით, ბრალდებული მკვლელობის ფაქტს აღიარებს, თუმცა, მუხლის კვალიფიკაციას არ ეთანხმება.

„აღიარებს ფაქტს, მაგრამ არ აღიარებს დამამძიმებელ გარემოებას, რის გამოც გადაკვალიფიცირდა მუხლი. დამამძიმებელი გარემოება ეს არის განსაკუთრებით სისასტიკე. ამ ეტაპზე, მოტივზე ვერ ვისაუბრებ. ჩვენ ალტერნატივას მოვითხოვთ, გირაოს ოცი ათასი ლარის ოდენობით“, – განაცხადა მარსაგიშვილმა.

პროკურატურა ბაქრაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.

მკვლელობა თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 13 აპრილს მოხდა. ყოფილმა მამინაცვალმა ახალგაზრდა ქალს მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძე 14 აპრილს დააკავა. დაკავებულს 15 აპრილს ბრალი დაუმძიმდა.