ადვოკატი - ვანო მერაბიშვილის დაკითხვა არანაირ შინაარსს არ ატარებდა, ეს იყო მოჩვენებითი დაკითხვა
ადვოკატი - ვანო მერაბიშვილის დაკითხვა არანაირ შინაარსს არ ატარებდა, ეს იყო მოჩვენებითი დაკითხვა

ეს იყო დაკითხვა დაკითხვისთვის, რომელიც არანაირ შინაარსს არ ატარებდა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის დაკითხვის შემდეგ ადვოკატმა, გიორგი ჩივიაშვილმა განაცხადა.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ვანო მერაბიშვილისთვის ახალი არაფერი უკითხავთ, არც მას უთქვამს რაიმე ახალი, ეს იყო მოჩვენებითი დაკითხვა.

„ჩვენი ვარაუდები გამართლდა, ეს იყო დაკითხვა დაკითხვისთვის, რომელიც არანაირ შინაარსს არ ატარებდა, ამ პერიოდში, როცა ჩვენ შიგნით ვიმყოფებოდით პრაქტიკულად არც ერთი კითხვა არ დასმულა მაშინდელ მთავარ პროკურორზე, სასჯელაღსრულების მაშინდელ ხელმძღვანელზე, სასჯელაღსრულების მაშინდელ მინისტრზე. არაფერი ახალი არ უკითხავთ და არც მერაბიშვილს უთქვამს რამე ახალი, რადგან ის, რაზეც გამომძიებლები საუბრობდნენ ამ მოკლე პერიოდში, ამ ყველაფერზე ჩვენ პასუხები გვაქვს გაცემული წინა დაკითხვაზე, რას ემსახურებოდა ეს დაკითხვა შემიძლია ვთქვა, რომ იყო მოჩვენებითი დაკითხვა“, – განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, ივნისის დასაწყისში სტრასბურგის სასამართლოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაა დანიშნული და ეს გამოკითხვაც ამას ემსახურებოდა.

„არაფერი ახალი არ უკითხავთ მერაბიშვილისთვის, იყო საუბარი მხოლოდ და მხოლოდ იმ ორ ადამიანზე, რომლებმაც მანქანაში ჩასვეს და წაიყვანეს ამ ადგილიდან, შეძლებდა თუ არა მათ ამოცნობას და რა თქმა უნდა, შეძლებოდა, რადგან ეს წინა ჩვენებაშიც გვაქვს ნათქვამი, ვიზუალურ აღწერილობაში მოითხოვეს კონკრეტიკა, რა სიმაღლის იყვნენ და ამაზეც მიიღეს პასუხი. ამასთან დაკავშირებით მერაბიშვილს ნათქვამი აქვს, რომ ამ ორ ადამიანის ამოცნობა შეუძლია, ეს დააფიქსირა წინა დაკითხვაზე. მერაბიშვილმა სახელი და გვარები არ იცის, მაგრამ იცის ვიზუალური მონაცემები, დღესაც დააფიქსირა, რომ მათი ამოცნობა შეუძლია და აღწერა მისი ვიზუალური მონაცემები, თვალის ფერი არ გვითქვამს, მაგრამ დანარჩენი ყველაფერი მოუყვა. დაზარალებულად ცნობაზე პროკურატურამ უარი გვითხრა და ამის მიზეზად ასახელებს, რომ ამ ეტაპზე არ არის დანაშაულის ნიშნები და მერაბიშვილი ვერ იქნება დაზარალებულად ცნობილი“, – განაცხადა ადვოკატმა.