ადვოკატი - ვახტანგ ახვლედიანი დაზარალებულია და არ მივიჩნევთ საჭიროდ, ბრალდებულთა ადვოკატებმა დაკითხონ
ადვოკატი - ვახტანგ ახვლედიანი დაზარალებულია და არ მივიჩნევთ საჭიროდ, ბრალდებულთა ადვოკატებმა დაკითხონ

ვახტანგ ახვლედიანი დაზარალებულია და არ მივიჩნევთ საჭიროდ, ბრალდებულთა ადვოკატებმა დაკითხონ, – ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაზარალებულად ცნობილი ახვლედიანის ადვოკატმა, კახა წერეთელმა ამ საქმეში ბრალდებულთა უფლებების დამცველების მოთხოვნის საპასუხოდ განაცხადა.

თუკი ბრალდებულთა ადვოკატები ახვლედიანის მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაკითხვას მოითხოვენ და მოსამართლე მათ შუამდგომლობას დააკმაყოფილებს, კახა წერეთლის თქმით, ახვლედიანს მაინც აქვს უფლება სასამართლოში თქვას, რომ ჩვენების მიცემა არ სურს.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ ვახტანგ ახვლედიანს ნამდვილად არ აქვს მიცემული ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები, ამისათვის დამატებით გამოკითხვა, ვფიქრობთ, აუცილებელი არ არის. მხარეს და მათ ადვოკატებს რა თქმა უნდა, აქვთ სრული უფლება, თავად შეაფასონ ის მტკიცებულებები, რაშიც დამატებითი გამოკითხვის აუცილებლობა არ არის. ვინაიდან ვახტანგ ახვლედიანი არის საქმეში დაზარალებული, ჩვენ არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად, გამოკითხვა ჩატარდეს და ახვლედიანმა მისცეს განმარტება ბრალდებულთა ადვოკატებს“, – განაცხადა კახა წერეთელმა.

მისი თქმით, თუკი ახვლედიანს მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოკითხვაზე დაიბარებენ, კანონის შესაბამისად იმოქმედებს, თუმცა „დაზარალებული იკითხება მოწმის სახით, ხოლო მოწმეს უფლება აქვს, თუ ჩათვლის, რომ ჩვენება შესაძლებელია, მის წინააღმდეგ იქნას გამოყენებული, არ მისცეს ჩვენება“, – განაცხადა წერეთელმა.