ადვოკატი - ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული იულია სუსლიაკი ქართული სამართალდამცავი სისტემის მსხვერპლია
ადვოკატი - ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული იულია სუსლიაკი ქართული სამართალდამცავი სისტემის მსხვერპლია

ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული იულია სუსლიაკი არის ქართული სამართალდამცავი სისტემის მსხვერპლი, – ამის შესახებ ტრეფიკინგში ბრალდებული უკრაინელი ქალის, იულია სუსლიაკის ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ განაცხადა.

როგორც ადვოკატი აცხადებს, იულია სუსლიაკის ბრალდება უპრეცედენტოა, რადგან ის მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებს ეყრდნობა და არც ერთი მტკიცებულება პროკურატურას არ გააჩნია.

„ჩემი მტკიცებულებებით, ათიდან ოთხი ბავშვის ბიოლოგიური მშობლები იური და იულია სუსლიაკები არიან. ამის დასტურია სამედიცინო დოკუმენტაცია, ეხოსკოპიის პასუხები და ა.შ. უტყუარი მტკიცებულებები მაქვს მეთერთმეტე ბავშვზეც, რომელიც მაიამიში გაჩნდა. არსებობს მაიამის მაღაზიაში გადაღებული ვიდეომასალა, სადაც იულია ორსულადაა, ასევე გვაქვს ფოტოები ახალდაბადებულ ჩვილთან ერთად. რაც შეეხება დანარჩენებს, წარმოდგენილი მაქვს სუროგაციის შედეგად დაბადებული ყველა ბავშვის დოკუმენტაცია, კონტრაქტები და ა.შ. გვაქვს გარდაცვლილი ბავშვის სასაფლაოს ფოტომასალა, სადაც ჩანს, გარდაცვალების თარიღი. შეგვიძლია ბრალდება დავაკავშიროთ უამრავ მოწმესთან, ასევე იმ სასულიერო პირთან, რომელმაც ბავშვს წესი აუგო. პროკურატურის ყველა არგუმენტი ჩვენი მტკიცებულებებით ბათილდება,“- ამბობს ადვოკატი.

ზურაბ თოდუას აქვს ეჭვი, რომ ბავშვებზე ხორციელდება ფსიქოლოგიური ზეწოლა და არის მცდელობა მათგან სასურველი ჩვენებების მოპოვების.

პრესკონფერენციაზე სოხუმიდან „სკაიპით“ ბრალდებულის მეუღლე იური სუსლიაკიც ჩაერთო.

ბრალდებულის მეუღლე საქართველოს პროკურატურას სიცრუეში ადანაშაულებს და საზოგადოებას სთხოვს, არ აჰყვეს ამ პროპაგანდას.

„პროკურორმა სასამართლოს შემდეგ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით თქვა, რომ აქვს დოკუმენტაცია, რომელიც ტრეფიკინგის ბრალდების საფუძველია. ეს არის სრული სიცრუე. ის იტყუებოდა გარდაცვლილი ბავშვის შესახებაც. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ. ბავშვებს ვერ ვეკონტაქტებით. ჩვენ თავიდანვე ვთანამშრომლობდით გამოძიებასთან, მივაწოდეთ ყველა საჭირო დოკუმენტი და გვეგონა, დამატებითი კითხვები არ გაჩნდებოდა. არ ველოდით შემაკავებელი ორდენის გამოცემას. მას შემდეგ, რაც დედა დააშორეს ბავშვებს, მივხვდი, რომ ძიება არასწორად მიდიოდა. არ ითვალისწინებდნენ იმ მტკიცებულებებს, რომელიც საქმეში არსებობდა“, – ამბობს იური სუსლიაკი.

იური სუსლიაკის განცხადებით, თითქოს უკრაინაში მის წინააღმდეგ საქმეა აღძრული, სიცრუე და შავი პიარია.

„არ ვარ ძებნაში. არსად არ გამოვქცეულვარ, ეს არის შავი პიარი, რომელიც ჩემმა კონკურენტებმა ააგორეს. მე და იულიას გვაქვს დიდი მეგობრული ოჯახი. ბავშვები მოსიყვარულე ოჯახში იზრდებოდნენ. ჩვენ ამაზე დიდი ხანი ვოცნებობდით“, – ამბობს იური სუსლიაკი.

კითხვაზე, რატომ აირჩიეს მათ საცხოვრებლად სოხუმი, პასუხობს, რომ სოხუმში ბევრი მეგობარი ყავს, აქვს სამსახური და დიდი სახლი, სადაც ოჯახთან ერთად უნდა ცხოვრება.