ადვოკატი - ტელევიზიაში არ არსებობს დოკუმენტი, თუ მტკიცებულება, რის ამოღებასაც განჩინება ეძღვნება, რომც არსებობდეს, ამის გადაცემაზე ტელევიზია მაინც უარს განაცხადებდა
ადვოკატი - ტელევიზიაში არ არსებობს დოკუმენტი, თუ მტკიცებულება, რის ამოღებასაც განჩინება ეძღვნება, რომც არსებობდეს, ამის გადაცემაზე ტელევიზია მაინც უარს განაცხადებდა

ტელეკომპანია „პირველის“ ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე აცხადებს, რომ სასამართლოს განჩინებას უახლოეს პერიოდში გაასაჩივრებენ.

როგორც გიორგი მშვენიერაძემ აღნიშნა, ტელევიზიაში არ არსებობს დოკუმენტი, თუ მტკიცებულება, რის ამოღებასაც განჩინება ეძღვნება, რომც არსებობდეს, ამის გადაცემაზე ტელევიზია მაინც უარს განაცხადებდა.

„დავიწყეთ აქტიური მუშაობა იმასთან დაკავშირებით, რომ ის უკანონო და არაკონსტიტუციური სასამართლოს განჩინება, რომელიც გუშინ საღამოს ჩაბარდა ტელეკომპანია „პირველს“, გასაჩივრდეს ის ქვეყნის შიგნით სასამართლოში. ვიდრე არსებობს ეს განჩინება და არის ძალაში, მანამდე აქვთ შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნის სამართალდამცველ ორგანოებს, იძულების სახით ნებისმიერ დროს განახორციელონ ამოღება ტელეკომპანია „პირველში“, იმ ნივთის, რომელიც ფიზიკურად არ არსებობს და რომ არსებობდეს, მაინც არ აპირებს ტელევიზია ამის გადაცემას საგამოძიებო ორგანოებისთვის. განჩინება კარგად წარმოაჩენს სულისკვეთებას გამოძიების, რომელსაც არ აინტერესებს თავად ჩანაწერის შინაარსი, ამ განჩინებაში არ არის მოთხოვნილი აუდიოფაილი, არამედ მიზანმიმართულად ითხოვენ სწორედ იმ მოწყობილობას, რომელზეც შესაძლებელია, ყოფილიყო ჩაწერილი ფაილი, მათ აინტერესებთ ფაილის წარმომავლობა, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჟურნალისტის პროფესიული საიდუმლოებით დაცული, აბსოლუტური პრივილეგიით დაცული წყარო.

ტელევიზია აცხადებს მზადყოფნას, თუკი გამოძიება დაინტერესდება, გადასცეს მას აუდიოფაილი, სადაც მოცემულია ჩანაწერი. ტელევიზიაში არ არსებობს ის დოკუმენტი, თუ მტკიცებულება, რის ამოღებასაც განჩინება ეძღვნება, რომც არსებობდეს ამის გადაცემაზე ტელევიზია მაინც უარს განაცხადებდა.

ამ განჩინებას უახლოეს პერიოდში გავასაჩივრებთ. არსებობს გარკვეული საკანონმდებლო ხარვეზი, მაგრამ ხარვეზის მიუხედავად, ჩვენ მის გასაჩივრებას ქვეყნის შიგნით მაინც შევეცდებით, მაგრამ თუკი ეს არ იქნება საკმარისი, განვიხილავთ შესაძლებლობას, მივმართოთ ევროპულ სასამართლოს დროებითი ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ადვოკატმა.