ადვოკატი თამარ გაბოძე - პროკურატურა ნინო დათაშვილის შეურაცხადობის საკითხის შეფასებაზე შუამდგომლობას დათაშვილის უფლების დარღვევით აყენებს
პროკურატურის შუამდგომლობაა, შეფასდეს ნინო დათაშვილის შეურაცხადობის საკითხი. ეს არის 20 დღით ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსების შუამდგომლობა, რასაც პროკურატურა ნინო დათაშვილის უფლების დარღვევით იყენებს, რადგან სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში მითითებულია, როდის ინიშნება ფსიქიატრიული ექსპერტიზა, – ამის შესახებ ნინო დათაშვილის ადვოკატმა, თამარ გაბოძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პრაქტიკაში არ ახსენდება, პროკურატურას ემოციურ ლაბილობაზე დაეყენებინოს შუამდგომლობა ადამიანის შერაცხადობის შესასწავლად.
„რაც შეეხება სადავო დოკუმენტს, ეს დოკუმენტი დაცვის მხარემ, პირადად მე წარვადგინე ნინოს დათაშვილის პატიმრობის შეფარდების პროცესზე, რათა სასამართლოსთვის, ასევე პროკურატურისთვის გვეთქვა, რომ მისი პატიმრობაში ყოფნა ჯანმრთელობის მდგომარეობას გააუარესებდა, რადგან ხერხემალზე ჰქონდა თიაქარი და ოპერაცია გაკეთებული. ეს სამედიცინო დოკუმენტი მიეკუთვნება ნეიროქირურგის პროფილის მქონე ექიმის მიერ გაზიარებულ ცოდნას. დოკუმენტში მითითებულია ნინო დათაშვილის დიაგნოზი, ხერხემლის მალთაშუა თიაქარი და თანმხლებ სიმპტომად მითითებულია ემოციური ლაბილობა. ემოციური ლაბილობა არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანები გამოხატავენ თავის ემოციას კონკრეტულ გარემოფაქტორებზე მითითებით და ზეგავლენით. ნინო დათაშვილის შემთხვევაში ეს თანმხლები გამოხატულება იყო იმ პერიოდში. 2019 წელს მას ჩაუტარდა ოპერაცია, ასევე წერია, რომ ნინო დათაშვილს აქვს ხერხემლის დაზიანება და ძლიერი ტკივილები. მას სჭირდება ფიზიოთერაპია, ვარჯიშები, კვლევები. სწორედ ამიტომ ვუთითებდი, რომ ეს ფაქტორი გაეზიარებინათ. ყველა დიაგნოზს აქვს თავისი კოდი. ეს რომ ყოფილიყო დიაგნოზი, ეწერებოდა ცალკე, როგორც დიაგნოზად და არა თანმხლებ სიმპტომად. პრაქტიკაში არ მახსენდება, რომ ემოციურ ლაბილობაზე პროკურატურას დაეყენებინოს შუამდგომლობა ადამიანის შერაცხადობის შესასწავლად. ემოციური ლაბილობა ფიქსირდებოდა იმ კონკრეტულ შემთხვევაში, 2019 წელს. 2025 წელს როგორი ემოციური მდგომარეობა აქვს ნინო დათაშვილს, ეს პროკურატურას მართლა რომ აინტერესებდეს, გამოითხოვდა ნინოს მდგომარეობას, შეისწავლიდა, რაიმე ხომ არ სჭირდება, ასევე გამოითხოვდა ოპერაციის მასალებსაც. ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნა ნებაყოფლობითი არ არის, რადგან 20 დღით მის ფსიქიატრიულ კლინიკაში დაყოვნებას, კვლევების ჩატარებას და დაკვირვებას ითვალისწინებს“, – განაცხადა თამარ გაბოძემ.