ადვოკატი - სასჯელის ადეკვატურობაზე არ ვმსჯელობთ, რადგან უცნობია, ვინ მიაყენა დავით სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობა
ადვოკატი - სასჯელის ადეკვატურობაზე არ ვმსჯელობთ, რადგან უცნობია, ვინ მიაყენა დავით სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობა

ვითხოვთ, დაისაჯოს ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში დამნაშავე ყველა პირი და გაიზიაროს ის ბედი, რაც დანარჩენმა დამნაშავეებმა, – ამის შესახებ ზაზა სარალიძის ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ სასამართლოში განაცხადა.

„დღეს დადგა განაჩენი, მაგრამ ეს არ არის ის, რასაც დაზარალებული მხარეები ვითხოვდით. ჯერ კიდევ წინ გვაქვს ბრძოლა და ვითხოვთ, დაისაჯოს ყველა ის პირი და გაიზიაროს ის ბედი, რაც დანარჩენმა დამნაშავეებმა. ჩვენ ამ ეტაპზე სასჯელის ადეკვატურობაზე არ ვმსჯელობთ გამომდინარე იქიდან, რომ დავით სარალიძის შემთხვევაში გვაქვს ისეთი მდგომარეობა, როდესაც უცნობია იმ ჭრილობის ავტორი, რომელმაც სასიკვდილო შედეგი გამოიღო, ანუ მდგომარეობა გაურკვეველია. ადამიანს აქვს 11 ჭრილობა და აქედან უმრავლესი ჭრილობის ავტორი უცნობია. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამაზე სრულყოფილად ვერ ვიმსჯელებთ. ჩვენი ძირითადი ყურადღება მიპყრობილია იქით, რომ პროკურატურამ ყველაფერ ამაზე მოახდინოს რეაგირება და დასაჯოს ყველა დამნაშავე პირი“, – განაცხადა ლონდარიძემ.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში ბრალდებულებს 10 წლითა და 6 თვით და 9 წლითა და 9 თვით პატიმრობა შეეფარდათ.

კერძოდ, ბრალდებულ გ.ბ-ს, რომელიც უდანაშაულოდ არის ცნობილი დავით სარალიძის მკვლელობისთვის, ხოლო დამნაშავედ არის ცნობილი ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობისთვის, მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 14 წლის ვადით, მაგრამ სასჯელის ვადა ერთი-მეოთხედით შეუმცირდა და საბოლოოდ, 10 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

მეორე არასრულწლოვანი – გ.ჯ – უდანაშაულოდ არის ცნობილი განზრახ მკვლელობისთვის და დამნაშავედ არის ცნობილი მკვლელობის მცდელობისთვის. მას 13 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა სასჯელი ერთი-მეოთხედით შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა 9 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.