ადვოკატი - საქმეში არსებული ძირითადი ჩვენებები ივერი მელაშვილის სასარგებლოდაა
ადვოკატი - საქმეში არსებული ძირითადი ჩვენებები ივერი მელაშვილის სასარგებლოდაა

უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების საქმეზე დაკვებული ივერი მელაშვილის ადვოკატი პროკურატურაში მასალებს გაეცნო.

როგორდ ედუარდ მარიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ივერი მელაშვილი ბრალს არ აღიარებს. მისივე განმარტებით, ივერი მელაშვილს გამოძიება გარეჯის ტერიტორიებთან საზღვრების შეთანხმების კონტექსტში არ ედავება. რაც შეეხება სხვა ნაწილებს, ადვოკატი ამბობს, რომ ივერი მელაშვილი 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში თავის მოვალეობას პირნათლად ასრულებდა.

„რა თქმა უნდა, ბრალს არ აღიარებს არც ერთ შემთხვევაში. ბრალდების მხარეს და ხელისუფლებას სურს, საზოგადოებას დაანახონ, თითქოს ეს არის გარეჯთან დაკავშირებული თემა. მინდა, აქვე დავამატო, რომ ბატონ ივერი მელაშვილს გარეჯის ტერიტორიებთან საზღვრების შეთანხმების კონტექსტში არ ედავება გამოძიება, რადგან იქ ტერიტორიები საერთოდ არ არის შეთანხმებული.

რაც შეეხება სხვა ნაწილებს, სხვა ნაწილებთანაც მიმართებით ბატონი ივერი 1994 წლიდან, 20 წელზე მეტი გამოდის, პირნათლად ასრულებდა თავის მოვალეობას და დღემდე სჯერა, რომ ის ამ კარგ საქმეს თავისი ქვეყნისთვის აკეთებდა“, – განაცხადა ადვოკატმა, რომელიც განმარტავს, რომ ივერი მელაშვილის მხრიდან დანაშაული არ იკვეთება.

„პროკურატურის პრობლემა არის, დაადგენს თუ არა ამ საქმეში მოტივს. მოტივი კი არა, ეს დანაშაული საერთოდ არ არსებობს. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან რამე მოტივზე საუბარი, რა თქმა უნდა, აბსურდი და გამორიცხულია“, – აღნიშნა ედუარდ მარიკაშვილმა.

რაც შეეხება საქმეში არსებულ ჩვენებებს, ადვოკატის ინფორმაციით, საქმეში დევს კომისიის წევრების, კომისიის თავმჯდომარის და სხვა პირთა ჩვენებები.

„ძირითადი ჩვენებები ბატონი ივერი მელაშვილის სასარგებლოდ არის გაკეთებული, მათ შორის კომისიის რამდენიმე თავმჯდომარის მიერ მიცემული ჩვენება, რაც ცალსახად ადასტურებს ბატონი ივერი მელაშვილის პოზიციას. თავმჯდომარეებიც იზიარებდნენ, რომ ამ რუკების გამოყენება აზერბაიჯანის სახელმწიფოსთან საზღვრის დადგენის პროცესში იყო უარესი“, – განაცხადა ადვოკატმა.

გარდა ამისა, ადვოკატი ამბობს, რომ დაცვის მხარისთვის გადაცემულ საქმის მასალებში ნოღაიდელის და ჯანელიძის ჩვენებები არ არის.

„ჩვენთვის გადმოცემულ მასალებში არ არის მათი ჩვენებები, შესაძლოა, ბრალდების მხარემ ამ მასალების გადმოცემის შემდგომ დაკითხა. დღემდე ჩვენ ეს მასალები არ მოგვითხოვია, არ გვჭირდება, რადგან ძირითადი ნაწილი გვაქვს საქმეში და მიგვაჩნია, რომ ბატონი ნოღაიდელის ჩვენება არც ერთ შემთხვევაში არ იქნება შემხებლობაში ბატონი ივერი მელაშვილის ბრალდებასთან, რადგან ასეთი ბრალი არ არსებობს და ვერც ბატონი ნოღაიდელი ვერ იტყვის ვერაფერს ამ საკითხზე. ამ ეტაპზე ჩვენი ინტერესი სხვა არის. ვაწარმოებთ საგამოძიებო მოქმედებებს და შესაბამისად, როცა ჩავთვლით საჭიროდ, ბატონი ნოღაიდელის ჩვენებასაც გავიცნობთ“, – განაცხადა ედუარდ მარიკაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, 2014 წელს თუ მიდიოდა ამ საქმეზე ძიება, ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფისგან აქვს ინფორმაცია, რომ გამოკითხული იყო გარკვეული პირების მიერ და დარჩა განცდა, რომ ეს მოხდა გამოძიების ფარგლებში.

„როგორც ბრალდებულმა მითხრა, ის გამოკითხული იყო გარკვეული პირების მიერ და მას დარჩა განცდა, რომ მისი გამოკითხვა იყო გამოძიების ფარგლებში. ასევე, არა მხოლოდ ბატონი ივერი მელაშვილი, არამედ სხვებიც, მათ შორის კირიონიც, იგივე ზაზა ონიანი და სხვა პირები ადასტურებენ, რომ კრიზისების მართვის საბჭოს ფარგლებში მსგავსი შეხვედრები ყოფილა, თავიანთ ჩვენებებში ადასტურებენ, ჩვენი მოგონილი არ არის. იყო თუ არა ეს ოფიციალური ფორმატები, ჯერ ჩვენთვის უცნობია, თუმცა, ეს შეხვედრები რომ ზოგადად გარკვეული ფორმატით ტარდებოდა, ცალსახაა. ბატონი ივერი მელაშვილი ფიქრობს, რომ მის მიმართ მიმდინარე დევნა ცალსახად ემსახურება გარკვეულ პოლიტიკურ მიზნებს, ის გამოსული არის სამართლებრივი სივრციდან და დღეს მისი ციხეში ყოფნა საერთოდ არ უკავშირდება რამე ფორმით მართლმსაჯულების აღსრულებას“, – განაცხადა ადვოკატმა.

დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა.

მიმდინარე წლის 17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.