ადვოკატი - რუკა, რომელზეც პროკურორმა ისაუბრა, დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის წევრს თავად ილიჩოვამ გადასცა, რაც კიდევ ერთი არგუმენტია, რომ ილიჩოვა მას არსად მალავდა
ადვოკატი - რუკა, რომელზეც პროკურორმა ისაუბრა, დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის წევრს თავად ილიჩოვამ გადასცა, რაც კიდევ ერთი არგუმენტია, რომ ილიჩოვა მას არსად მალავდა

უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების საქმეზე დაკავებული ნატალია ილიჩოვას ადვოკატის, გიორგი მახარაძის განცხადებით, რუკა, რომლის შესახებაც პროკურატურაში დღევანდელ ბრიფინგზე ისაუბრეს, ნატალია ილიჩოვამ გადასცა დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის წევრს, რაც კიდევ ერთი არგუმენტია იმისა, რომ ილიჩოვა რუკას არსად მალავდა.

„ზედაპირულად გავეცანი ჩანაწერებს, მაგრამ, მინდა, როგორც ნატალია ილიჩოვას ადვოკატმა, რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გავამახვილო ყურადღება. პირველი – ჩვენ პროკურატურისგან არაერთხელ მოგვისმენია, თითქოს ნატალია ილიჩოვა რაღაც რუკებს მალავდა, ახლა პროკურატურის სპიკერმა პროკურორმა შემოგვთავაზა ახალი ფორმულირება, თითქოს ის რუკა, რომელიც ინახებოდა ქალბატონი ილიჩოვას კაბინეტში, წარმოადგენს, და ეს ნამდვილად ასეა, წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო საკუთრებას. კი ბატონო, მაგრამ თავად პროკურატურას ვურჩევდი, კარგად გაეცნონ საქმის მასალებს, თუ საიდან აქვთ ეს რუკა ამოღებული.

ეს რუკა ამოღებული აქვთ ქალბატონი გაბუნიასგან, რომელიც არის სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი, დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის წევრი 2019 წლიდან, თავად გაბუნიაც ადასტურებს, რომ მას ეს რუკა გადასცა ქალბატონმა ნატალია ილიჩოვამ, რაც კიდევ ერთი არგუმენტია, რომ ქალბატონი ილიჩოვა ამ რუკას არსად და არავისგან მალავდა. პირიქით, როცა მოხდა კომისიაში სხვა წევრის მიერ მისი ჩანაცვლება, მან გადასცა რუკა მის ადგილმონაცვლეს.

ძალიან უცნაურია, რომ ქალბატონი ნატალია ილიჩოვას კაბინეტი გახდა რაღაც საკრარული ადგილი გამოძიებისთვის, რადგან ამ კაბინეტში ხუთი ადამიანი მუშაობდა და მათ გააჩნიათ საერთო სივრცეები, თან ამასობაში გაბუნია თავად ამბობს ჩვენებაში, როდის და რა ვითარებაში გადასცეს რუკა“, – განაცხადა ადვოკატმა.

გიორგი მახარაძის თქმით, საუბარი იმაზე, რომ ილიჩოვა რაღაცას მალავდა, საზოგადოებაში შესაბამისი აზრის ჩამოყალიბებას ემსახურება.

„გაბუნია თავად ამბობს, როდის და რა ვითარებაში გადასცა ქალბატონმა ილიჩოვამ ეს რუკები. დავუშვათ, როცა ადამიანი რაღაცას მალავს, ის თანამშრომელს არ გადასცემს რაღაც რუკას, რაც მგონი, ძალიან მარტივი საკითხია“, – განაცხადა ადვოკატმა.

გიორგი მახარაძის განმარტებით, დავით გარეჯის სასაზღვრო მონაკვეთი არასდროს არც ერთ ეტაპზე არ შეთანხმებულა.

„რაც შეეხება დავით გარეჯთან მიმართებაში, დავით გარეჯის მონაკვეთი, რომელიც არის სასაზღვრო მონაკვეთი, არ შეთანხმებულა არასდროს არც ერთ ეტაპზე, რაღაც წინადადებები ჰქონდათ მხარეებს მომზადებული თავიდანვე, როდესაც ჩვენი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოსაზრებები ამ თემაზე არ დაემთხვა, ეს საკითხი გვერდით გადაიდო და დღესაც, როდესაც პროკურატურაში ბრიფინგზე ამბობენ, რომ დავით გარეჯის მონაკვეთი შეთანხმდა, ეს არის ტყუილი, თვითონაც იციან, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებით არაფერი შეთანხმებულა“, – განაცხადა ადვოკატმა.

რაც შეეხება პროკურატურის მიერ დავით გარეჯის საქმეზე გავრცელებულ ფარულ ვიდეო და აუდიო მასალას, ადვოკატის თქმით, მას ჯერ მხოლოდ ზედაპირულად გაეცნო.

„ვინაიდან ზედაპირულად გავეცანი ჩანაწერებს, ამ ეტაპზე ვერ გეტყვით, რომ ამ ჩანაწერმა რამე არსებითად შეცვალა. ძალიან უცნაურია, რომ ჩანაწერი, რომელიც ვიხილეთ, ოქტომბრამდე პერიოდშია გაკეთებული და აქამდე დაფარული იყო. გასაგებია ეს რატომაც იყო დაფარული, თუმცა, სამწუხაროდ, ამას სისხლის სამართლებრივი მიზნები არ აქვს, ამ დამალვას არ აქვს კავშირი მართლმსაჯულების განხორციელებასთან, წინა დღით, მტკიცებულებების გაცვლის ბოლო ვადამდე არის მცდელობა რაღაც გარკვეული აჟიოტაჟის“, – განაცხადა ადვოკატმა.

ამასთან, ადვოკატის თქმით, გავრცელებულ ჩანაწერებში, ჯერჯერობით რაც მოისმინა, ილიჩოვაზე საუბარი არ არის.

„რაც მოვისმინე, ქალბატონ ილიჩოვაზე ჩანაწერებში საერთოდ არ არის საუბარი. ბატონი ივერის და სხვა პირის საუბარიც რაც არის, რაც მოვისმინე, არ მგონია, რამე ახალი გარემოებები იყოს საქმისთვის. შესაბამისად, როცა სრული მოცულობით გადმოგვეცემა ვიდეო-აუდიო ჩანაწერი და გავეცნობი, შემდეგ შეგვეძლება დეტალურად ვისაუბროთ“, – დასძინა გიორგი მახარაძემ.

მახარაძის განცხადებით, დიდი ხანია, საქმიდან გამოყოფილია სხვა სისხლის სამართლის საქმე დაუდგენელი პირების მიმართ.

„ბოლო ორ კვირაში პროკურატურამ ორჯერ დაასრულა გამოძიება ამ საქმეზე, ერთხელ ათი დღის წინ და შემდეგ ბრალი დააზუსტა, ახლა კიდევ თქვეს, რომ დაასრულეს. უბრალოდ დრო აღარ არის წინასასამართლო სხდომამდე, თორემ ალბათ მესამე ჯერზეც დაასრულებდნენ ამ საქმეს. კიბატონო, მათი არჩევანია, როგორც უნდათ, ისე გააკეთონ, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. რაც შეეხება იმ 200 ათასიან რუკას, რომელსაც მოიხსენიებენ 1937-38 წლის რუკად, ესეც მანიპულაციური განცხადებაა. ეს რუკა შედგენილია 1932-33 წლებში, საუბარია ოთხ რუკაზე, შედგება სხვადასხვა ნაწილისგან ნომენკლატურის მიხედვით და გამოცემულია 1937-38 წლებში“, – განაცხადა ადვოკატმა.

რაც შეეხება სადავო რუკებს, ადვოკატის თქმით, პროკურატურის მთავარ მოწმეებს აღნიშნული რუკები სხვადასხვა ნაშრომში აქვთ გამოყენებული, თუმცა ამბობენ, რომ მასზე წვდომა არ ჰქონდათ და ვიღაც მალავდა.

„ამ საქმეში ე.წ. მთავარ მოწმეებს – ხორბალაძე, გორგოძე და ა.შ. დოკუმენტები აქვთ შედგენილი ამ რუკებზე, როცა ამბობენ, რომ წვდომა არ ჰქონდათ 2019 წლამდე და თითქოს ვიღაც უმალავდა. ეს რუკები როგორ აქვთ გამოყენებული სხვადასხვა ნაშრომში, ძალიან საინტერესოა, ხომ? 2017 წელს ზუსტად იგივე რუკები როგორ არის გამოყენებული ბატონი გორგოძის და ხორბალაძის ნაშრომში, თუ წვდომა არ ჰქონდათ. სად გვატყუებს ხორბალაძე და გორგოძე მაშინ? ეს არის დასადგენი. თუ არსებითი განხილვები დაიწყო ამ საქმეზე, ჩვენ დეტალურად მივაწოდებთ საზოგადოებას ამომწურავ ინფორმაციას“, – განაცხადა ადვოკატმა.

მისივე ინფორმაციით, დაცვის მხარე დააყენებს შუამდგომლობას აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით.

„ჩვენი აზრით, მათი აქამდე პატიმრობაში ყოფნაც უკანონო იყო“, – დასძინა ადვოკატმა გიორგი მახარაძემ.

პროკურატურამ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ბრალდების საქმეზე გამოძიება დაასრულა და საქმე განსახილველად საქალაქო სასამართლოს გადაეცა.