ადვოკატი - „რიონის ხეობის მცველი“ ლაშა ქუთათელაძე მოსამართლემ ჯარიმის გარეშე გაათავისუფლა
ადვოკატი - „რიონის ხეობის მცველი“ ლაშა ქუთათელაძე მოსამართლემ ჯარიმის გარეშე გაათავისუფლა

„რიონის ხეობის მცველი“ ლაშა ქუთათელაძე მოსამართლემ ჯარიმის გარეშე გაათავისუფლა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაკავებულის ადვოკატმა, სალომე სალდაძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, სასამართლო სხდომა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დისტანციურად გაიმართა.

სალდაძის განცხადებით, ქუთათელაძე ადმინისტრაციული წესით, პოლიციელისადმი წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე დააკავეს, რასაც როგორც ადვოკატი ამბობს, რეალურად ადგილი არ ჰქონია.

არსებული ინფორმაციით, ქუთათელაძე გადაადგილებას „გუმათჰესთან“ სამართალდამცავების მიერ მოწყობილი საკონტროლო გამშვები პუნქტის გვერდის ავლით ცდილობდა, რა დროსაც მისი დაკავება მოხდა.

შეგახსენებთ, რომ ერთი კვირაა, რაც გუმათჰესთან პოლიციას საკონტროლო გამშვები პუნქტი აქვს მოწყობილი. სამართალდამცველები ყველა იმ ადამიანს და ავტომობილს ამოწმებენ, ვინც რიონის ხეობაში გადაადგილდება. საკონტროლო პუნქტი მას შემდეგ ამოქმედდა, რაც „ნამახვანჰესების” კასკადის მშენებელმა კომპანია „ენკამ” ჰესის ასაშენებლად მოსამზადებელი სამუშაოები განაახლა.