ადვოკატი რამდენიმე მოწმეს გიორგი ჭანტურიას შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს
ადვოკატი რამდენიმე მოწმეს გიორგი ჭანტურიას შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

სოსო ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული გიორგი ჭანტურიას ადვოკატის ანა კეკენაძის თქმით, რამდენიმე მოწმემ ჭანტურიასა და ქუთაძელაძეს შორის დაძაბულობაზე განმეორებითი დაკითხვის შემდეგ განაცხადა.

ადვოკატი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მათი ვერსიით, სწორედ პოლიციის დავალებით ავრცელებენ ისინი დეზინფორმაციას გიორგი ჭანტურიას შესახებ.

„როგორც მამუკა ცხოვრებაძის ასევე დავით ბლუაშვილის გამოკითხვის ოქმები არსებობს. ეს ოქმები ჩვენც გვაქვს, სადაც ისინი არავითარ დაძაბულ ურთიერთობაზე არ საუბრობენ გიორგი ჭანტურიასა და სამსონ ქუთათელაძეს შორის. მას შემდეგ, რაც ისინი განმეორებით დაიბარეს პოლიციის შენობაში გამოსაკითხად და როდესაც მათ დატოვეს შენობა, სწორედ ამის შემდეგ ავრცელებენ ისინი ინფორმაციას, თითქოს გიორგი ჭანტურიას გარკვეული უთანხმოება ჰქონდა სამსონ ქუთათელაძესთან, თუკი ისინი აღნიშნულ ინფორმაციას ფლობდნენ და ამის შესახებ იყვნენ ინფორმირებული. მაშინ ჩნდება კითხვა, თავდაპირველ გამოკითხვაში რატომ არ დააფიქსირეს აღნიშნული და არ მიაწოდეს სრულყოფილი ინფორმაცია გამოძიებას“, – აცხადებს ადვოკატი.

მისივე თქმით, საქმეში მოიპოვება გამოკითხვის ოქმები, სადაც ნეიტრალური პირები საუბრობენ, რომ უთანხმოება და დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ დავით ბლუაშვილსა და სამსონ ქუთათელაძეს.

„ასევე იკვეთება, თუ რის საფუძველზე და რატომ იყო დაპირისპირება სამსონ ქუთათელაძესა და დავით ბლუაშვილს შორის. ისინი ამბობენ, რომ ეს წილებთან დაკავშირებული უთანხმოება იყო“, – აღნიშნა ადვოკატმა.

ასევე, ადვოკატის თქმით, კონკრეტულ საკითხებზე უთანხმოება იყო სამსონ ქუთათელაძესა და რუსთავის ე.წ. სტამბოლის ბაზრობის დირექტორ მამუკა ცხოვრებაძეს შორისაც.

„ქუთათელაძემ ისიც უთხრა, რომ მოიყვანდა მის შემცვლელს, რომელიც გამოიძიებდა, თუ რა სიტუაცია იყო ბაზარში და სად მიდიოდა დაკარგული თანხები, რომელიც ბაზრიდან ქრებოდა“, – აღნიშნა ადვოკატმა.

გიორგი ჭანტურია ბრალის წარდგენის გარეშე 18 იანვარს გათავისუფლდა. რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე ყოფილი დეპუტატი, გენერალი სოსო ქუთათელაძე რუსთავში მოკლული 15 იანვარს იპოვეს. მკვლელობის საქმეზე აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.