ადვოკატი - რამაზ მარგოშვილი დღეს იმ მაღალჩინოსნებზე ისაუბრებს, ვისი დავალებითაც ახმედ ჩატაევთან გაემგზავრა
ადვოკატი - რამაზ მარგოშვილი დღეს იმ მაღალჩინოსნებზე ისაუბრებს, ვისი დავალებითაც ახმედ ჩატაევთან გაემგზავრა

ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე ბრალდებულ რამაზ მარგოშვილს კონტრტერორისტული ცენტრი დღეს კიდევ ერთხელ გამოკითხავს.

გამოკითხვა სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში შედგება.

ბრალდებულის ადვოკატების განცხადებით, მარგოშვილი იმ მაღალჩინოსნებზე ისაუბრებს, ვისი დავალებითაც ახმედ ჩატაევთან გაემგზავრა. გამოკითხვის საჭიროება მას შემდეგ დადგა, რაც რამაზ მარგოშვილმა სასამართლოში დაკითხვისას ჩატაევთან სუს-ის მაღალჩინოსნების კავშირზე ისაუბრა.

„გამოძიებას მივეცით ინფორმაცია იმის შესახებ, პირველ ეტაპზე, ანუ 2014-2015 წლებში როგორ შედგა ნაცნობობა რამაზ მარგოშვილსა და სპეცსამსახურების მაღალჩინოსნებს შორის.  ეს პიროვნებები იყვნენ კონტრტერორისტული დეპარტამენტის დირექტორი ჩიმაკაძე და ამავე სამსახურის თანამშრომელი ლორია. მათ შორის ურთიერთობა რამდენჯერმე შედგა, ასევე დასახელებული იქნა სხვა პირიც, რომელსაც ამ ეტაპზე არ გავაჟღერებთ. დღეს ვაგრძელებთ ჩვენების მიცემას. ბრალდებული ისაუბრებს 2015 წლის ბოლოს და 2016 წელს როგორ გამოიყენა კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა მარგოშვილი ახმედ ჩატაევთან ურთიერთობაში, რა თხოვნით თუ დავალებით გააგზავნეს, რამდენჯერ და ვისთან ჰქონდა შეხვედრა. რამაზ მარგოშვილი გაგზავნილ იქნა ჩიმაკაძის თხოვნით. „ისლამურ სახელმწიფოს“ სირიაში მძევლად ჰყავდა ესპანეთის სამი მოქალაქე, ამ პირების მოსაძებნად სთხოვეს, რომ წასულიყო ჩატაევთან. მიიღო დახმარება ჩატაევისგან, ის პირები მოიძებნენ, მაგრამ არ აღმოჩნდნენ იქ და შესაბამისი ინფორმაციებით აღჭურვილი ჩამოვიდა მარგოშვილი. ამის შემდეგ არაერთხელ შედგა კომუნიკაცია მასსა და სპეცსამსახურების მაღალჩინოსნებს შორის. აქ იყო უცხოური სპეცსამსახურებიც ჩართული. ამ საკითხებზე მისცემს დღეს ჩვენებას რამაზ მარგოშვილი“,- განაცხადა რამაზ მარგოშვილისა და ანატოლი ბერძენიშვილის ადვოკატმა, ინგა ბოლოთაურმა.

რამაზ მარგოშვილი ოთხ პირთან ერთად პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, 26 დეკემბერს დააკავეს. გამოძიება  ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას და რესურსებით უზრუნველყოფას ედავება.