ადვოკატი რამაზ ჩინჩალაძე - ლაშა ბერიძეს პრეზიდენტის სასახლის ღობის დაზიანებასთან შემხებლობა არ აქვს, მან სასახლიდან გამოიყვანა პაატა ბურჭულაძე, რომელსაც მხედველობა ჰქონდა შეზღუდული
ადვოკატი რამაზ ჩინჩალაძე - ლაშა ბერიძეს პრეზიდენტის სასახლის ღობის დაზიანებასთან შემხებლობა არ აქვს, მან სასახლიდან გამოიყვანა პაატა ბურჭულაძე, რომელსაც მხედველობა ჰქონდა შეზღუდული

ლაშა ბერიძეს პრეზიდენტის სასახლის ღობის დაზიანებასთან, პრეზიდენტის სასახლის, როგორც სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობასთან, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასთან არანაირი შემხებლობა არ აქვს. მხოლოდ საჯარო სივრცეში გამოხატავდა თავის პოლიტიკურ შეხედულებებს და მოსაზრებებს, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება მას არ ჩაუდენია, – ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ლაშა ბერიძის ადვოკატმა, რამაზ ჩინჩალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, როცა კონკრეტული ადამიანები გამოვიდნენ და ჟურნალისტების დასანახად თქვეს, რომ აქციის ორგანიზატორები იყვნენ, ეს იყო პერფორმანსი.

„რა განცხადებაც არ უნდა გაკეთდეს ტელევიზიის წინაშე, სისხლის სამართლის კოდექსისთვის აუცილებელია, დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს ამა თუ იმ პირის ქმედება. არ არსებობს ფაქტები, რომ ლაშა ბერიძემ ვინმეს მოუწოდა ჯგუფური ძალადობისკენ, მხოლოდ კამერების წინ იმ განცხადების გაკეთება, რომ ჩვენ ვართ ორგანიზატორები, საკმარისი არ არის, ადამიანი დამნაშავედ გამოაცხადო. უშუალოდ ლაშა ბერიძეს ღობესთან არანაირი შემხებლობა არ აქვს, მან მხოლოდ პრეზიდენტის სასახლიდან ბატონი პაატა ბურჭულაძე გამოიყვანა, რომელსაც მხედველობა ჰქონდა შეზღუდული წიწაკის სპრეის გამო. მეტი ქმედება ლაშა ბერიძეს იქ არ განუხორციელებია, გარდა იმისა, რომ ის საჯარო სივრცეში გამოხატავდა თავის პოლიტიკურ შეხედულებებს“, – განაცხადა ადვოკატმა.

ათონელის სასახლესთან 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული პოლიტიკოსების – პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილის და კიდევ ხუთი პირის სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს იკვლევენ. პროცესზე ექსპერტები დაიკითხებიან. არცერთი ბრალდებული თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. პროცესს არ ესწრება პაატა ბურჭულაძე. სახელმწიფო ბრალდება მათ რამდენიმე მუხლით ჩადენილ დანაშაულს ედავება. მათ შორის არის საქვეყნოდ მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, ასევე – ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა.