ადვოკატი - პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალდებას ავთანდილ წერეთელი აბსურდად მიიჩნევს
ადვოკატი - პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალდებას ავთანდილ წერეთელი აბსურდად მიიჩნევს

საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალდებას ავთანდილ წერეთელი აბსურდად მიიჩნევს, – ამის შესახებ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის ადვოკატმა, კახა წერეთელმა განაცხადა.

ადვოკატის თქმით, ავთანდილ წერეთელი საქართველოში არ იმყოფება და დღეს პროკურატურაში მის ნაცვლად გამოცხადდება.

„ბრალდება არის აბსურდული და აბსურდად მიიჩნევს თავად ავთანდილ წერეთელიც. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამჟამად საქართველოში არ იმყოფება და პროკურატურაში მე გამოვცხადდები. რას უკავშირებს ავთო წერეთელი მისთვის სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას, ამაზე ალბათ თავად ისაუბრებს, მაგრამ რაც შეგვიძლია ვგთქვათ, ეს არის, რომ ბრალი არის აბსურდული“, – განაცხადა კახა წერეთელმა.

ბიზმესმენ ავთანდილ წერეთელს ბრალი გენერალურმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძე-ბადრი ჯაფარიძის საქმის ფარგლებში წარუდგინა.

„გამოტანილია დადგენილება ავთანდილ წერეთლის ბრალდების შესახებ, მის მიერ, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

ავთანდილ წერეთელი დღეს დაბარებულია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრალდების შესახებ დადგენილების წარდგენის მიზნით, რის შემდეგაც საქართველოს გენერალური პროკურატურა სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე“, – განაცხადეს პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე.