ადვოკატი პაატა შავაძე მთავარი პროკურორის თანამდებობის დაკავების სურვილს გამოთქვამს 
ადვოკატი პაატა შავაძე მთავარი პროკურორის თანამდებობის დაკავების სურვილს გამოთქვამს 

ადვოკატი პაატა შავაძე მთავარი პროკურორობის სურვილს გამოთქვამს. როგორც მან დღეს განაცხადა, აღნიშნულ თანამდებობაზე მისი კანდიდატურა საპროკურორო საბჭოში წარდგენილ იქნება.

„მხარს მიჭერს 35-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია, ადვოკატები, საზოგადოების ცნობილი წევრები. ვფიქრობ, საზოგადოების მხრიდან მაქვს საკმაოდ დიდი ნდობა“, – განაცხადა შავაძემ.

ადვოკატი საკუთარი ხედვების პრეზენტაციას უახლოეს დღეებში გეგმავს.

„არჩევის შემთხვევაში, ჩემი მთავარი მიზანი იქნება ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ, ნამდვილი სამართლიანობა დამკვიდრდეს“, – განაცხადა ჟურნალისტებთან პაატა შავაძემ.

პაატა შავაძე გენერალური პროკურორის თანამდებობის დაკავების სურვილს ბოლო წლებში უკვე მესამედ გამოთქვამს.

მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამდებობა 31 მაისს დატოვა.  მისი გადადგომა ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას უკავშირდება.

მთავარი პროკურორის არჩევის წესის თანახმად, მთავარი პროკურორის შერჩევასთან დაკავშირებული პროცედურები იწყება მთავარი პროკურორის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არანაკლებ 6 თვით ადრე, ხოლო, თუ მთავარ პროკურორს უფლებამოსილება ვადის გასვლამდე შეუწყდა – უფლებამოსილების შეწყვეტისთანავე. მთავარი პროკურორის თანამდებობაზე გამწესების პროცესში ჩართულია, როგორც საპროკურორო საბჭო, ისე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება. მთავარი პროკურორის არანაკლებ სამ კანდიდატურას (რომელთაგან ერთი მესამედი მაინც უნდა იყოს განსხვავებული სქესის) ასახელებს და საპროკურორო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს საბჭოს თავმჯდომარე – იუსტიციის მინისტრი.  მინისტრი ერთი თვის განმავლობაში წინასწარ კონსულტაციებს გადის აკადემიურ წრეებთან, სამოქალაქო საზოგადოების წევრებსა და სამართლის დარგის სპეციალისტებთან.