ადვოკატი ოთარ აბესაძის სიცოცხლეზე პასუხისმგებლობას ციხის ადმინისტრაციას აკისრებს
ადვოკატი ოთარ აბესაძის სიცოცხლეზე პასუხისმგებლობას ციხის ადმინისტრაციას აკისრებს

ადვოკატი თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომლის, ოთარ აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და სიცოცხლეზე პასუხისმგებლობას პენიტენციურ დაწესებულებას აკისრებს. როგორც ირმა ჭკადუა ამბობს, აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე პროკურორის პოზიცია ციხის ადმინისტრაციის განცხადებას ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც, აბესაძე თითქოს კარგადაა.

ჭკადუა სასჯელაღსრულების სამინისტროს და შესაბამის დაწესებულებას ამ საკითხზე ოფიციალური განცხადების გავრცელებისკენ მოუწოდებს.

“აბესაძის სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ციხის ადმინისტრაციას ეკისრება, ვინაიდან პროკურორი ეყრდნობა. მათი განცხადებით, ციხეში ეუბნებიან, რომ აბესაძე კარგადაა. გაავრცელონ ოფიციალური განცხადება, წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხისმგებლობა, მის სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე, მთლიანად ციხის ადმინისტრაციას ეკისრება”, – განაცხადა ირმა ჭკადუამ.

საქმის პროკურორის ირაკლი მარშანიას თქმით, კი სამხარაულის ბიუროს დასკვნაში არ იყო მითითებული ისეთი გარემოება, რომელიც ამბობს, რომ ოთარ აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუთავსებელია მისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნასთან.

„დაცვის მხარე აპელირებდა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაზე და ითხოვდა, რომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა შეცვლოდა. თუმცა ამ დასკვნაში არ იყო მითითებული ისეთი გარემოება, რომელიც ამბობს, რომ ოთარ აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუთავსებელია მისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნასთან. აქედან გამომდინარე, მოსამართლემ არ გაიზიარა დაცვის მხარის შუამდგომლობა და შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება ძალაში დატოვა“, – განაცხადა საქმის პროკურორმა.

ოთარ აბესაძე საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. საქმის განხილვა 29 დეკემბერს გაგრძელდება.