ადვოკატი - ნინო ნიჟარაძე „რუსთავი 2“-თან დაწყებული დავის ნებისმიერ ფორმატში განხილვისთვის მზად არის
ადვოკატი - ნინო ნიჟარაძე „რუსთავი 2“-თან დაწყებული დავის ნებისმიერ ფორმატში განხილვისთვის მზად არის

ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის 9%-იანი წილის მფლობელი ნინო ნიჟარაძე ტელეკომპანიასთან დაწყებული დავის ნებისმიერ ფორმატში განხილვისთვის მზად არის, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ნიჟარაძის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა, გიორგი ყავლაშვილმა განუცხადა.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, „რუსთავი2“-ის პარტნიორები ნიჟარაძესთან კომუნიკაციაზე ამ დრომდე უარს ამბობდნენ, თუმცა ახლაც მზად არის, მოლაპარაკებების ნებისმიერ ფორმატში მიიღოს მონაწილეობა.

რაც შეეხება თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანილ სარჩელს, გიორგი ყავლაშვილის თქმით, მოთხოვნილია ჯამში 28 მილიონამდე ლარი, საიდანაც ნინო ნიჟარაძე პირადად მხოლოდ 1.5-მდე ლარს ითხოვს, იმის გამო, რომ 9%-იანი წილის გაყიდვის უფლება ან თავად შესყიდვა ტელეკომპანიის დანარჩენმა მეწილეებმა არ მისცეს, დანარჩენი თანხა კი ადვოკატის თქმით, სარჩელში მოთხოვნილია ტელეკომპანიისთვის ასანაზღაურებლად.

გიორგი ყავლაშვილის თქმით, კერძოდ, „რუსთავი2“-მა რეკლამის გაყიდვის უფლება გადასცა შუამავალ კომპანიას, რის შედეგადაც ტელეკომპანიამ დაახლოებით 10 მილიონით იზარალა, ასევე – „რუსთავი2“-მა იზარალა 1.5 მილიონით, საარჩევნო პერიოდში უფასო პოლიტრეკლამის გაზრდილი ლიმიტებით, ხოლო სარჩელში მოთხოვნილი დანარჩენი თანხა, დაახლოებით 12 მილიონი  წარმოადგენს საბიუჯეტო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, ზედმეტად დარიცხულ საურავებს.

ადვოკატის თქმით, ეს არის არასწორი მენეჯმენტის პირობებში, ბოლო წლებში ტელეკომპანიისთვის მიყენებული ზარალი.

მისივე თქმით, სარჩელით არ არის მოთხოვნილი მმართველის უფლებამოსილების შეჩერება. ადვოკატმა ასევე აღნიშნა, რომ სარჩელის განხილვა უახლოეს მომავალში არ დაიწყება და შესაძლებელია, სხდომა ორი თვის მერეც ჩაინიშნოს.