ადვოკატი - მიხეილ სააკაშვილი მზად არის, მოქმედ კონსილიუმს შეხვდეს, ჩვენ მათ უკვე ველოდებით
ადვოკატი - მიხეილ სააკაშვილი მზად არის, მოქმედ კონსილიუმს შეხვდეს, ჩვენ მათ უკვე ველოდებით

ინფორმაცია, თითქოს მიხეილ სააკაშვილი ეწინააღმდეგებოდა ექიმების ვიზიტს, გახლავთ დეზინფორმაცია, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილი მზად არის შეხვდეს ამჟამად მოქმედ კონსილიუმს. როგორც ადვოკატი ამბობს, სააკაშვილი ალტერნატიული კონსილიუმის შექმნას ითხოვს.

„მიხეილ სააკაშვილი ცხადია, ითხოვს პარიტეტული კონსილიუმის დაუყოვნებლივ ფორმირებას და რაც შეიძლება სწრაფად შესვლას ციხეში. მიუხედავად ამისა, ის არც ერთი წუთით არ ეწინააღმდეგება ამჟამად არსებული კონსილიუმის ვიზიტს, მზად არის, შეხვდეს როგორც მთლიანი კონსილიუმის შემადგენლობას, ისე მათ ინდივიდუალურად.

ასევე ვფიქრობთ და მოვითხოვთ, ვიდრე პარიტეტული კონსილიუმი შეიქმნება, მიხეილ სააკაშვილთან განხორციელდეს ამჟამად მოქმედი კონსილიუმის ვიზიტი, ყველანაირი შეფერხებისა და ხელოვნური ბარიერების გარეშე ისე, რომ ექიმებს, ადამიანებს, რომელთაც ევალებათ მესამე პრეზიდენტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა, ჰქონდეთ საშუალება, ნებისმიერ დროს საკუთარი შეხედულებისა და საჭიროებისამებრ შეძლონ სააკაშვილთან ვიზიტი“,- განაცხადა თუთბერიძემ.

ამასთან, როგორც ადვოკატი აცხადებს, ამ დროისთვის კონსილიუმის წევრებს ელოდებიან.

„ჩვენ უკვე კონსიულიუმს ველოდებით, ნებისმიერ დროს შეიძლება კონსილიუმის წევრები აქ მოვიდნენ და შეხვდნენ პრეზიდენტს“, – განაცხადა ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ.