ადვოკატი - მეგი ბაქრაძის ოჯახის მთავარ ინტერესს წარმოადგენს, გაიგოს სიმართლე მისი გარდაცვალების შესახებ, ველოდებით სამხარაულის ექპერტიზის ბიუროს დასკვნას
ადვოკატი - მეგი ბაქრაძის ოჯახის მთავარ ინტერესს წარმოადგენს, გაიგოს სიმართლე მისი გარდაცვალების შესახებ, ველოდებით სამხარაულის ექპერტიზის ბიუროს დასკვნას

ოჯახის მთავარ ინტერესს წარმოადგენს, გაიგოს სიმართლე მეგის გარდაცვალების შესახებ. რაც შეეხება ალტერნატიულ ექსპერტიზას, პირველ რიგში ეს არის სამხარაულის სახელობის ექპერტიზის ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნის ალტერნატიული ექსერტებისთვის გაცნობა და მათი მოსაზრების მოსმენა ამ საკითხის შესახებ, ასევე სისხლის ნიმუშის, რომელიც ინახება იმუნოლოგიისა და ალერგიის ცენტრში, – ამის შესახებ ვაქცინაციის შემდეგ გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატმა, ვახტანგ ბარამაშვილმა განაცხადა.

ადვოკატის ინფორმაციით, ოჯახს დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი გუშინ მიანიჭეს.

„დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი გუშინ მოგვანიჭეს, ახლა მივდივარ გლდანი-ნაძალადევის მერვე განყოფილებაში, სადაც უნდა შევიტანო განცხადება საქმის მასალების გაცნობასთან დაკავშირებით და როგორც კი საქმის მასალები მექნება ხელთ უფრო მეტი მეცოდინება და შემეძლება ამ მიმართულებით. ოჯახს აქვს კითხვები, რამდენად დროულად აღმოუჩინეს დახმარება. ოჯახს აინტერესებს, ხომ არ იყო გარდაცვლილი ახალციხეში და ხო არ მოხდა თბილისში გარდაცვლილის გადმოსვენება. ექსპერტიზა ამ კითხვების ნაწილზე მოგვცემს პასუხს, ამის იქით კიდევ პროცედურული პროტოკოლია, რომელიც დამატებით უპასუხებს ჩვენ კითხვებს და საბოლოო ჯამში, მთლიანად გავერკვევით, რა მოხდა ამ საქმეში და როგორ გარდაიცვალა მეგი. ოჯახის ინფორმაციით, მეგის წინა დღეების განმავლობაში დაუნიშნეს რაღაც ტაბლეტები, რაზეც არ ვართ ინფორმირებული, ზუსტად რა ტაბლეტებია, თავად მეგიმაც არ იცოდა, რა ტაბლეტებზე იყო საუბარი და რა აბები მიიღო. მათ შორის, ეს შესაძლოა, საკვანძო აღმოჩნდეს და ამის გარკვევა იქნება მნიშვნელოვანი. ყველამ შეამჩნია, რომ მკლავზე სავარაუდოდ აქვს ალერგიული რეაქცია და ეს რა თქმა უნდა დამატებით კითხვებს ბადებს იმასთან დაკავშირებით, რამდენად სწორად იქნა შეგროვებული ანამნეზი და რამდენად სწორად იხელმძღვანელა ანამნეზით კლინიკამ. თუ მოლოდინზეა საუბარი ველოდებით სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც უნდა მომზადდეს. სამწუხაროდ, ასეთი დასკვნების მომზადებას გარკვეული დრო სჭირდება, მაგრამ მოლოდინი გვაქვს, რომ ექსპერტიზის ბიურო გაითვალისწინებს მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს. ვაქცინაციის პროცესს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ეს დასკვნა მზადდებოდეს დიდი ხნის განმავლობაში. დასკვნა უნდა მომზადდეს, რაც შეიძლება სწრაფად. კითხვებს უნდა გაეცეს პასუხი, რადგან საზოგადოება მთლიანად შეძრულია მეგის გარდაცვალებით და ეს დამატებით ზეგავლენას ახდენს მათ შორის ვაქცინაციის პროცესზე“, – განაცხადა ადვოკატმა.