ადვოკატი მარიამ მაღრაძე - მოვინახულე დღეს და გუშინ დაკავებულები, ყველა მათგანი აცხადებს, რომ დაკავება მოხდა ტროტუარზე, გზას ხელოვნურად არ კეტავდნენ და არც რაიმე სახით მონაწილეობდნენ
ადვოკატი მარიამ მაღრაძე - მოვინახულე დღეს და გუშინ დაკავებულები, ყველა მათგანი აცხადებს, რომ დაკავება მოხდა ტროტუარზე, გზას ხელოვნურად არ კეტავდნენ და არც რაიმე სახით მონაწილეობდნენ

მოვინახულე ყველა, ვინც დააკავეს გუშინ ღამით და დღეს, მოვინახულე ლაშა დგებუაძე, დავით გუნაშვილი, ლევან ზაზიძე. აქედან დავით გუნაშვილს და ლევანს დაზიანებები არ აქვთ, თუმცა ლაშას აქვს დაზიანებები, რომელიც დაკავებისას მიიღო, – ამის შესახებ ადვოკატმა, მარიამ მაღრაძემ განაცხადა, რომელმაც დაკავებულები დიღმის იზოლატორში მოინახულა.

ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებულები აცხადებენ, რომ ისინი არ მონაწილეობდნენ გზის ხელოვნურად გადაკეტვაში.

„ლაშა დგებუაძეს პოლიციის თანამშრომელი დაკავებისას უჭერდა ყელში, რომელსაც ფორმაც არ ეცვა, მისი იდენტიფიცირება იყო შეუძლებელი. ყველა მათგანი რეალურად დააკავეს ტროტუარზე და ყველა მათგანს ედავებიან დაუმორჩილებლობას. შინაგან საქმეთა სამინისტრო რამდენიმე მათგანს ედავება ასევე 174-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას, ანუ გზის გადაკეტვას. თუმცა სამივე მათგანი იყო ტროტუარზე, მათი დაკავება მოხდა ტროტუარზე. ისინი არ კეტავდნენ ხელოვნურად გზას, არც რაიმე სახით იღებდნენ მონაწილეობას გზის გადაკეტვაში“, – განაცხადა ადვოკატმა.