ადვოკატი - მალხაზ მაჩალიკაშვილს წარუდგინეს გარკვეული დოკუმენტები, თუმცა დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან გაუთქმელობაზე გვაქვს ხელი მოწერილი
ადვოკატი - მალხაზ მაჩალიკაშვილს წარუდგინეს გარკვეული დოკუმენტები, თუმცა დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან გაუთქმელობაზე გვაქვს ხელი მოწერილი

მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატის განცხადებით, გამომძიებლებმა მალხაზ მაჩალიკაშვილს წარუდგინეს გარკვეული დოკუმენტები და ჰკითხეს, იცნობდა თუ არა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებულ მსჯავრდებულ პირებს. როგორც მარიამ კუბლაშვილმა აღნიშნა, დოკუმენტების შინაარსზე ვერ ისაუბრებს, რადგან გაუთქმელობაზე აქვთ ხელი მოწერილი.

„წარმოადგინეს გარკვეული დოკუმენტები, რომლებიც აჩვენეს მალხაზ მაჩალიკაშვილს. ამ დოკუმენტებზე საუბრის უფლება არ მაქვს, რადგან ჯერ კიდევ ამ საქმის გაცნობის დროს გაუთქმელობაზე მოგვაწერინეს ხელი. კითხვების შინაარსი იყო, იცნობდა თუ არა თემირლან მაჩალიკაშვილი ამ საქმესთან დაკავშირებით მსჯავრდებულ პირებს, იცნობდა თუ არა ეს პირი ახმედ ჩატაევს და ცხადია, არ იცნობდა. გარდაცვლილთან დაკავშირებით არარელევანტური კითხვების ერთობლიობა დაისვა, რომელიც ჩვენ არაერთხელ გავაპროტესტეთ. რაც მთავარია, მალხაზ მაჩალიკაშვილის წამების პროცესი დღეს დასრულდა და მას აღარ მოუწევს ამ შენობაში მოსვლა“, – განაცხადა კუბლაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში პანკისის სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის გამოკითხვა დასრულდა. ის სუს-ის შენობაში დაახლოებით რვა საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

საქმე ეხება ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე მიმდინარე გამოძიებას, რომლის ფარგლებშიც მაჩალიკაშვილი უკვე მესამედ გამოიკითხა.

გარდა ამისა, მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში დაკითხვაზე მის განცხადებასთან დაკავშირებითაც იმყოფებოდა, რომლის მიხედვითაც იგი სუს-ის შენობასთან თავის აფეთქებას აპირებდა.

პანკისში, 2017 წლის 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი 19 წლის თემირლანმაჩალიკაშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თემირლან მაჩალიკაშვილს დაკავებისას უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე ესროლეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაკავებულებს ახმედ ჩატაევისა და მისი თანამზრახველების ხელშეწყობაში ადანაშაულებს.