მამუკა ხაზარაძის ადვოკატი - ლონდონიდან ველოდებით ექსპერტიზის პასუხებს, რა ტიპის ანაბეჭდია წერილზე 
მამუკა ხაზარაძის ადვოკატი - ლონდონიდან ველოდებით ექსპერტიზის პასუხებს, რა ტიპის ანაბეჭდია წერილზე 

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის ადვოკატის, ზვიად კორძაძის განცხადებით, ლონდონიდან ელოდებიან ექსპერტიზის პასუხებს, რომელმაც უნდა დაადგინოს, რა ტიპის ანაბეჭდია წერილზე.

როგორც ზვიად კორძაძემ პირველ არხს განუცხადა, ექსპერტიზის პასუხი გადაეცემა გამოძიებას, რომელსაც ბაზების საშუალებით შეუძლია, მოახდინოს იდენტიფიკაცია.

„ჩვენ დაგვრჩენია ერთადერთი, როდესაც მივიღებთ დასკვნას, წერილის დედანი და დასკვნა გადავცეთ საგამოძიებო ორგანოს, მერე თავად გაარკვიონ. ვაკეთებთ ყველაფერს, რისი შესაძლებლობაც სამართლებრივად გვაქვს“, – განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, ექსპერტიზის პასუხის ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა ადვოკატი ვარაუდობს, რომ ამას დიდი დრო არ დასჭირდება.

„წერილის შინაარსზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ფაქტია, რომ როცა წერილს კითხულობ, ვიღაცას აქვს განცდა, რომ მამუკა ხაზარაძეს კიდევ აქვს შეხება „ტვ პირველთან“.  მამუკა ხაზარაძეს გუშინდელი გამოკითხვის დროს ჰკითხეს, თუ რა აკავშირებდა „ტვ პირველთან“, ასევე კითხეს, რა აკავშირებდა „არტაერასთან“. მან განმარტა, რომ „თიბისი ფონდის“ დაფუძნებულია „არტარეა“, რომლის თავმჯდომარეც თავად არის“, – განაცხადა კორძაძემ.

როგორც ზვიად კორძაძემ აღნიშნა, გაუგებარია პროკურატურის ქმედება, რომ არასრულ ერთ დღეში დაასრულა ამ საქმეზე ყველანაირი სამართლებრივი მოქმედება.

„პროკურატურა ჩაეკითხა მამუკა ხაზარაძეს იმ საღამოს, როდესაც მიიღო წერილი, ვინმეს ესაუბრა თუ არა ამ წერილზე და მიიღო იმ ორი ადამიანის გვარი, ვისთანაც იყო საუბარი. მათგან ერთ-ერთი მამუკა ხაზარაძეს მიეხმარა წერილის დაწერაში, რომელიც მეორე დღეს გამოაქვეყნა არჩევნებთან დაკავშირებით. რაში სჭირდებოდა პროკურატურას ეს დეტალები, თუკი წერილის დედანის გარეშე, რომელიც ლონდონშია ექსპერტიზაზე, ვერაფერს გააგრძელებდა “, – განაცხადა კორძაძემ.

ადვოკატის თქმით, მამუკა ხაზარაძე შუამავალს, რომელმაც მუქარის წერილი მიუტანა, აბსოლუტურ ნდობას უცხადებს, თუმცა მის ვინაობას არ ამხელს.

ადვოკატის განცხადებით, პროკურატურას ამ ეტაპზე უარი ეთქვა შუამავლის დასახელებაზე, რადგან მანამდე სხვა საგამოძიებო ღონისძიებებია ჩასატარებელი. კერძოდ, მისი თქმით, გუშინ, სასამართლოს წინაშე გამოკითხვისას, ხაზარაძემ პროკურატურას მიაწოდა ინფორმაცია, რომ ეს წერილი სასამართლოში მიტანამდე ბიზნესმენების ნაწილს და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გააცნო.

ადვოკატის თქმით, ჯერ სწორედ ამ პირების ჩვენებებით უნდა დაინტერესდეს გამოძიება და დაადგინოს, წერილი გამოგონილია თუ სხვასაც აქვს ინფორმაცია მის შესახებ.

რაც შეეხება წერილის შინაარსს და მასში „ტვ პირველის“ ხსენებას, ზვიად კორძაძე ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ ახსენეს აღნიშნული ტელევიზია, „რომელთანაც ხაზარაძეს არც ადრე და არც ახლა არანაირი კავშირი არ ჰქონია“.

რაც შეეხება კითხვას, რატომ არის აღნიშნულ წერილში მესამე პირში მოხსენებული მამუკა ხაზარაძე, თუ ადრესატი თავად იყო, კორძაძემ პასუხობს: „ხაზარაძეს რაც გადასცეს, ის დოკუმენტი გაასაჯაროა“.