ადვოკატი ლევან ჩხეიძე - თუ ხელისუფლებას არ სურს მომავალში ხელკეტიანი ადამიანების ნაცვლად იარაღიანი ადამიანები, დიალოგის გზით უნდა წავიდეთ
ადვოკატი ლევან ჩხეიძე - თუ ხელისუფლებას არ სურს მომავალში ხელკეტიანი ადამიანების ნაცვლად იარაღიანი ადამიანები, დიალოგის გზით უნდა წავიდეთ

თუ თქვენ გინდათ, რომ მომავალში ხელკეტიანი ადამიანების ნაცვლად არ ნახოთ იარაღიანი ადამიანები და დამტვრეული მანქანების ნაცვლად ქალაქში, „მოლოტოვის კოქტეილები“ და გადამწვარი ქუჩები, მაშინ უნდა წავიდეთ დიალოგის გზით, – ამის შესახებ რუსთაველის გამზირზე, 20 ივნისის აქციაზე დაკავებული ექვსი პირის ადვოკატმა, ლევან ჩხეიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ადვოკატი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება რეპრესიულ პოლიტიკას ატარებს, რამაც შეიძლება ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიიყვანოს. მისივე თქმით, რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია პოლიტიკოსების მიმართ სამართლებრივი დევნის დაწყება.

„როდესაც იწყება პოლიტიკური ლიდერების სამართლებრივი დევნა პოლიტიკური პროცესების გამო, ეს სცდება სამართლებრივ ჩარჩოებს და ეს იძენს პოლიტიკურ ნიშნებს.

მე გავეცანი იმ მასალას, რომელიც საჯაროდ იყო გამოქვეყნებული და იქ არანაირი კრიმინალის შემცველი ნიშნები არ არსებობს. თუ ხელისუფლებას სურს სიტუაციის განმუხტვა, მე მას მოვუწოდებ შეწყვიტოს რეპრესიული რიტორიკა. წავიდეს ამნისტიების კუთხით, ნაცვლად იმისა, რომ მეტი ახალი პოლიტიკური ლიდერები დაიჭირონ.

თუ თქვენ გინდათ, რომ მომავალში ხელკეტიანი ადამიანების მაგივრად, არ ნახოთ იარაღიანი ადამიანები და არ ნახოთ დამტვრეული მანქანების ნაცვლად ქალაქში მოლოტოვის კოქტეილები და გადამწვარი ქუჩები, მაშინ უნდა წავიდეთ დიალოგის გზით, შერიგების გზით. რეპრესიების ნაცვლად უნდა შევთავაზოთ ერთმანეთს ამნისტია და განვმუხტოთ სიტუაცია.

ეს არ ნიშნავს წახალისებას, თუ ეს გზა არ იქნება არჩეული და ხელისუფლება წავა დესტრუქციული გზით, ჩვენ აუცილებლად მივიღებთ უფრო მძიმე და მკაცრ სცენარს“, – განაცხადა ადვოკატმა ლევან ჩხეიძემ.

ადვოკატ ლევან ჩხეიძესთან ერთად პრესკონფერენცია გამართა 20 ივნისს ღამეს დაკავებულმა ერთ-ერთმა პირმა მიხეილ მაღლაკელიძემ. მისი თქმით, ის უსამართლოდ დააკავეს და დაკავების დროს მან ფიზიკური დაზიანება მიიღო. ამასთან მიხეილ მაღლაკელიძის თქმით, ის აქციაზე იყო რუსეთის ოკუპაციის გასაპროტესტებლად, როგრც რიგითი მოქალაქე.

მიხეილ მაღლაკელიძის განმარტებით, მიუღებელია აქციაზე წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა გამოსვლები, რადგან მისი შეფასებით, ის თავად დაზარალდა ამ პერიოდში.

„მე მაგ პოლიტიკოსებმა ცხოვრება დამინგრიეს 2009 – 2013 წლებში. თუ ვინმეს ილუზია აქვს, რომ ეგენი მოვლენ, ეს ზღაპარია. იმის სურვილიც მქონდა, რომ გავსულიყავი და ბოთლებსა და ქვებს რომ ამბობთ, თუ სადმე რამე მომყვებოდა მემოქმედა რომელიმე მათგანზე, მაგრამ არ ჩავთვალე ეს საჭიროდ“, – განაცხადა მიხეილ მაღლაკელიძემ.