ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალს დღეს წარუდგენენ
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალს დღეს წარუდგენენ

თბილისი, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალს დღეს წარუდგენენ.

​როგორც პირველ არხს დაკავებულის სახაზინო ადვოკატმა ანა შეშელაშვილმა განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი წინასწარი დაკავების იზოლატორში გუშინ მოინახულა.

„არ მაქვს უფლება ვთქვა, რა მდგომარეობაშია დაკავებული. ამ ეტაპზე ვერც იმას გეტყვით ინარჩუნებს თუ არა დუმილის უფლებას. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალს დღეს წარუდგენენ და ამის შემდეგ გავაკეთებ დამატებით კომენტარს“,- განაცხადა ადვოკატმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2001 წელს დაბადებული გ.ბ. დააკავა.

უწყების ინფორმაციით, მოზარდებს შორის დაწყებული შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც გ.ბ.-მ არასრულწლოვან ლ.დ.-ს დანით სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ლ.დ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

რაც შეეხება, ამავე შემთხვევის დროს, არასრულწლოვანი დ.ს.-ს დაჭრის ფაქტს, ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გუშინ გარდაიცვალა.

შსს-ს ინფორმაციით, დადგენილია სავარაუდო დამნაშავე, რომლის დასაკავებლად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები.

მომხდარზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს.

პირველი არხის ინფორმაციით, თბილისში ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე დაკავებული და ძებნილი პირები თბილისის პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეები არიან.