ადვოკატი - ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმე უზენაეს სასამართლოსაც მოივლის, ამაში ეჭვი არავის ეპარება
ადვოკატი - ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმე უზენაეს სასამართლოსაც მოივლის, ამაში ეჭვი არავის ეპარება

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმე, ძალიან დიდი ალბათობით, უზენაეს სასამართლოსაც მოივლის, ამაში ეჭვი არავის ეპარება, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში ბრალდებულის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ განაცხადა.

„სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის ვერსია, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა მოკლა დავით სარალიძე. სასამართლომ ჩათვალა, რომ მას ის არ მოუკლავს.

მიმაჩნია, რომ ეს სასჯელი საკმაოდ არაადეკვატურია განაჩენთან მიმართებით, თუმცა ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იქნება, ვნახოთ განაჩენის სამოტივაციო ნაწილი, რას დაწერს მოსამართლე, როგორ დაასაბუთებს აღნიშნულ გადაწყვეტილებას და ამის მიხედვით ჩამოვყალიბდებით, გავასაჩივრებთ თუ არა აღნიშნულ ნაწილში გადაწყვეტილებას.

თუმცა ზოგადად, ეს საქმე სააპელაციო სასამართლოში წავა და ​ორივე მხარის მიერ გასაჩივრდება, ასევე ეს საქმე, ძალიან დიდი ალბათობით, მოივლის უზენაესს სასამართლოს, ამაში ეჭვი არავის არ ეპარება“, – განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში ბრალდებულებს 10 წლითა და 6 თვით და 9 წლითა და 9 თვით პატიმრობა შეეფარდათ.

კერძოდ, ბრალდებულ გ.ბ-ს, რომელიც უდანაშაულოდ არის ცნობილი დავით სარალიძის მკვლელობისთვის, ხოლო დამნაშავედ არის ცნობილი ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობისთვის, მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 14 წლის ვადით, მაგრამ სასჯელის ვადა ერთი-მეოთხედით შეუმცირდა და საბოლოოდ, 10 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

მეორე არასრულწლოვანი – გ.ჯ – უდანაშაულოდ არის ცნობილი განზრახ მკვლელობისთვის და დამნაშავედ არის ცნობილი მკვლელობის მცდელობისთვის. მას 13 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა სასჯელი ერთი-მეოთხედით შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა 9 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.