ადვოკატი - ხორავას ქუჩაზე მკვლელობის მოწმე თავის გადასარჩენად ცვლის ჩვენებას
ადვოკატი - ხორავას ქუჩაზე მკვლელობის მოწმე თავის გადასარჩენად ცვლის  ჩვენებას

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დღეს იმ მოზარდის დაკითხვას განაგრძობენ, რომელსაც ამავე საქმეზე დანაშაულის დაფარვას ედავებიან. ის უკვე ორჯერ წარდგა სასამართლოში, თუმცა დროის უკმარისობის გამო მისი დაკითხვა ვერ დასრულდა.

დაცვის მხარე ითხოვს, მოზარდის ჩვენება, როგორც შეცვლილი ინფორმაცია სასამართლომ არ გაიზიაროს.

„მან არაერთხელ შეცვალა ჩვენება, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის ყველაფერთან, მათ შორის ექსპერტიზის დასკვნებთანაც კი. მოწმეზე ზეწოლა არაერთი მხრიდან მიმდინარეობს. ის თავის  გადასარჩენადაც ცვლის ჩვენებას”,-განაცხადა ნათია შარაშენიძემ.

მოზარდზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება და ის პატიმრობაში არ იმყოფება. დანაშაულის დაფარვის ბრალდებით წინასწარ პატიმრობაშია მისი მამა. ეს ის მოზარდია, რომელიც 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მისი დეიდაშვილის თხოვნით მივიდა, რომელსაც თანასკოლელებთან კონფლიქტი ჰქონდა.

მოკლული არასრულწლოვნის მამა ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ მოზარდმა სასამართლოში მასზე განხორციელებულ ზეწოლაზე ისაუბრა. გარდა ამისა, დაზარალებულად ცნობილმა ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ მოწმე საუბრობდა ურთიერთგამომრიცხავ გარემოებებზე. თუმცა მხარეების განმარტებით, უკვე მეორეჯერ, სასამართლოში ზეწოლის ფაქტი აღარ დაადასტურა და მოზარდმა ეს ბრალდებულების დასახმარებლად მოიგონა.