ადვოკატი - ივერი მელაშვილის განცხადების აღქმაა, რომ დავით გარეჯის ჩვენს ტერიტორიაზე დასარჩენად იურიდიული საფუძველი სუსტია, სწორედ ეს არის მოლაპარაკებების გაჭიანურების მიზეზი
ადვოკატი - ივერი მელაშვილის განცხადების აღქმაა, რომ დავით გარეჯის ჩვენს ტერიტორიაზე დასარჩენად იურიდიული საფუძველი სუსტია, სწორედ ეს არის მოლაპარაკებების გაჭიანურების მიზეზი

ივერი მელაშვილის ადვოკატი, მელაშვილის გუშინ ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

როგორც ედუარდ მარიკაშვილი ამბობს, მისი აღქმა ამ განცხადების იყო ის, რომ იურიდიულად საფუძველი არის ძალიან სუსტი, თუმცა ისტორიულად გარეჯი ეკუთვნის საქართველოს.

„ბატონი ივერი ალბათ ამ განცხადებების განმარტებას გააკეთებს, თუ კი რამე ბუნდოვანი დარჩა კიდევ დააზუსტებს. შემიძლია გითხრათ, რომ ეს ტერიტორიები, ამ ტერიტორიაზე დღემდე მიდის დავა, იურიდიულად ეს ტერიტორიები დღეს ჩვენს შემადგენლობაში არ არის, თუმცა ის, რომ ისტორიულად დავით გარეჯი და მისი მიმდებარე ტერიტორია საქართველოსი არის, ამაზე არავინ არ დაობს. ჩემი აღქმა ამ განცხადების ასეთია, იურიდიულად საფუძველი არის ძალიან სუსტი, რომ დავით გარეჯი ჩვენს ტერიტორიაზე დარჩეს, სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ ასე ვთქვათ აქამდე გაიწელა მოლაპარაკებები, თორემ თუ სადავო არ იქნებოდა, ეს ყველაფერი შეთანხმდებოდა, თუმცა ისტორიულად დავით გარეჯი ეკუთვნის საქართველოს. ნაკლები საფუძველი გვაქვს იურიდიული კუთხით. სწორედ ეს იყო მოლაპარაკების პროცესში, თუ კი ვიქნებოდით მყარად, მათ შორის იურიდიული კუთხით, გვექნებოდა შესაძლებლობა, რომ მარტივად შეგვეთანხმებინა, თუმცა ქართული მხარე ითხოვდა ამ მონაკვეთების შეთანხმებას მიუხედავად იურიდიული საფუძვლისა, ითხოვდა, რომ შეთანხმებულიყო ჩვენი ინტერესების სასარგებლოდ. აქ უკვე შემოდიოდა მათ შორის ისტორიული და კულტურული არგუმენტი. იურიდიული საფუძველი არის სუსტი, მაგრამ ქართულ მხარეს ეს არასდროს არ აღუქვია ისე, ივერის ვგულისხმობ და კომისიას, რომ რადგან იურიდიული საფუძველი არის სუსტი, ყველაფერი უნდა დათმო“, – განაცხადა ადვოკატმა.

ამასთან, ივერი მელაშვილმა განაცხადა: „როდესაც ხაზს უსვამ და წყვეტ, გინდა თუ არა ეს ჩემია, როგორ არის შენი, როდესაც არ არის შენი, არ გაქვს ამის საფუძველი. იქ ვიღაცის ბერი იქნება, თუ ერის წარმომადგენელი, თუ ზოგი მივა იქ და კელიებთან პოზირებას დაიწყებს, ამის გამო ეუბნები, რომ ჩემია, არ არის სწორი, არ არის შენი და არ დაგითმობს არასოდეს. ის საშუალება, რაც მანამდე გვქონდა, ყველაფერს ამას აფუჭებ, ხაზს უსვამ და მტრულად განაწყობ შენს პარტნიორ ქვეყანას“.