ადვოკატი - იულია სუსლიაკის საქმის გამომძიებლები უკრაინაში იმყოფებიან
ადვოკატი - იულია სუსლიაკის საქმის გამომძიებლები უკრაინაში იმყოფებიან

ტრეფიკინგში ბრალდებულ იულია სუსლიაკის საქმის გამომძიებლები საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით უკრაინაში იმყოფებიან, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს უკრაინელი ქალის ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ განუცხადა.

მისი თქმით, საქმის მასალების თაობაზე, მას გამომძიებლებთან კომუნიკაცია სურდა და გენერალურ პროკურატურაში უთხრეს, რომ გამომძიებლები მივლინებაში არიან.

რაც შეეხება 10 ბავშვით ვაჭრობაში ბრალდებული ქალის საქმეზე საგამოძიებო ვადას, ადვოკატის ინფორმაციით, პროკურატურას ვადა ეწურება 20 ივნისს, როდესაც ამ საქმეზე წინასასამართლო სხდომაა ჩანიშნული.

ზურაბ თოდუას თქმით, მხარეებმა შეგროვებული მტკიცებულებები 15 ივნისს უნდა გაცვალონ. ადვოკატი ვარაუდობს, რომ 20 ივნისს, წინასასამართლო სხდომაზე იულია სუსლიაკი გათავისუფლდება, რადგან მის მიმართ, ტრეფიკინგში ბრალდების მტკიცებულებები არ არსებობს.

ტრეფიკინგში ბრალდებულ იულია სუსლიაკს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ბრალდებით დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, ის საქართველოში 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აპირებდა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას. გამოძიების ფარგლებში მოპოვებული დოკუმენტაციის მიხედვით, 10-ვე ბავშვი მისი შვილია და მის გვარს ატარებს. თუმცა, მცირეწლოვნებიდან ოთხი დაბადებულია 2017 წელს.

ამასთან, ადვოკატის ინფორმაციით, სამხარაულის ბიუროს დასკვნით, 10 ბავშვიდან ოთხი იური და იულია სუსლიაკების საერთო შვილია, ექვსი კი – იური სუსლიაკის.