ადვოკატი - ირაკლი ოქრუაშვილი დაკავებას ცალსახად „რუსთავი 2“-ის საქმეს უკავშირებს
ადვოკატი - ირაკლი ოქრუაშვილი დაკავებას ცალსახად „რუსთავი 2“-ის საქმეს უკავშირებს

ირაკლი ოქრუაშვილი დაკავებას ცალსახად მის გააქტიურებას და უშუალოდ „რუსთავი 2“-ის საქმეს უკავშირებს, – ამის შესახებ პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა, მამუკა ჭაბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ადვოკატის თქმით, ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი ამ დრომდე არ წარდგენია.

„ვინაიდან ჯერ ირაკლი ოქრუაშვილს ბრალდება არ წარდგენია, შესაბამისად მტკიცებულებები არ გადმოგვცემია. მხოლოდ ის ვიცით, რა კადრებიც გაავრცელა შსს-მ. ბრალის წარდგენისთვის ვადა აქვთ ხვალ საღამომდე, ანუ დაკავებიდან 48 საათის განმავლობაშ ან ბრალი უნდა წარუდგინონ ან გაათავისუფლონ პატიმრობიდან“, – განაცხადა მამუკა ჭაბაშვილმა.

მისივე თქმით, სასამართლოში მათი მოთხოვნა იქნება, რომ ბრალდებული აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვონ.

„ბუნებრივია, ჩვენი მოთხოვნა იქნება, რომ არანაირი აღკვეთის ღონისძიება არ არის საჭირო. 20 ივნისის შემდეგ, 21 ივნისს დაუკავშირდა გამომძიებელი ირაკლი ოქრუაშვილს, ოქრუაშვილმა გამოკითხვაზე მისასვლელად მზაობა გამოთქვა. ამის შემდეგ აღარ შეგვხმიანებიან გამგზავრებამდე. 2 ივლისს გაემგზავრა ირაკლი უცხოეთში და აცნობა გამომძიებელს. წავიდა, დაბრუნდა, არავისთვის ხელის შეშლა არ ყოფილა მისი მხრიდან და შესაბამისად, აღკვეთის ღონისძიების საჭიროება არ არსებობს, მით უმეტეს პატიმრობის.
ირაკლი ოქრუაშვილი ცალსახად დაკავებას უკავშირებს მის გააქტიურებას და უშუალოდ „რუსთავი 2“-ის საქმეს”, – განაცხადა მამუკა ჭაბაშვილმა.

20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მონაწილეობის ბრალდებით პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი 25 ივლისს დააკავეს. შსს-ს ცნობით, ირაკლი ოქრუაშვილის გარდა, კიდევ ოთხი პირია დაკავებული.